“მე მოვკალი, მაგრამ განზრახ არ მინდოდა” – ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ნაფიც მსაჯულებზე უარს ამბობს.
ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა გოგა გზირიშვილი მკვლელობას აღიარებს, თუმცა განზრახვას უარყოფს და ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება
– “დამნაშავედ ვცნობ თავს, მაგრამ მკვლელობა განზრახული არ მქონია. მოვკალი კი, მე დავრეკე პოლიციაში და ვაღიარე, მაგრამ განზრახ არ მინდოდა” – განაცხადა გზირიშვილმა დღევანდელ სასამართლოზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გზირიშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადასინჯეს.
პატიმრობა ძალაში დარჩა, ხოლო გოგა გზირიშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვაზე, უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა თბილისში გასული წლის 22 დეკემბერს მოხდა. ბრალდებულმა ორსულ ცოლს – ქეთა კეპულაძეს დანით 30 ჭრილობა მიაყენა.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი