დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამჟამად ქვეყანა კორონავირუსის მეექვსე ტალღის გავრცელების პიკშია თუმცა აღნიშნავს, რომ მიმდინარე კვირიდან შემთხვევების დღიური რაოდენობის კლებაა მოსალოდნელი:
„სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ომიკრონის ცირკულაციის ფონზე თანდათან უნდა დაიწყოს [უკან დახევა]. ჩვენ ახლა ვართ პიკში და პიკის გადავლის ეტაპი ამ კვირაში მაინც უნდა დაიწყოს“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 4 000 შემთხვევა რეალურ სურათს არ ასახავს, რამდენადაც დადებითობის დღიური მაჩვენებელი 40%-ზე მეტი იყო. ამასთან, გამყრელიძე აცხადებს, რომ იყო ტექნიკური ხარვეზებიც, რის გამოც ყველა ჩატარებული ტესტის პასუხი სისტემაში გუშინ ვერ აიტვირთა:
„დღეს 4 ათასი შემთხვევა და 21 გარდაცვალება გვქონდა. ეს რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან გვაქვს მაღალი დადებითობის მაჩვენებელი 40%-მდე. ვერ მოხდა ტექნიკური მიზეზების გამო იმიტომ, რომ შაბათ კვირას პორტალის განახლება ხდებოდა, ყველა შემთხვევის ატვირთვა. დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ. ხვალ იქნება განახლებული რიცხვები როგორც კვირის, ასევე ორშაბათის“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.
“ნეტგაზეთი”