საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ლაშა ხუციშვილს დაავალა, „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთოს.
„ბოლო რამდენიმე კვირაა, კომუნალური გადასახადების დაანგარიშების საკითხზე, ჩვენი ბევრი თანამოქალაქე იღებს არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს იღებს, თუ ამას შეიძლება არგუმენტირებული ვუწოდოთ. ეს დამატებითი სპეკულაციის საშუალება გახდა. ვიცი, რომ ამ საკითხზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაიწყო შესწავლა და განმარტა, რომ სემეკ-ის სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს „თელმიკოსა“ და „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს, მაგრამ, სრული სურათის დასადგენად, მივიღე გადაწყვეტილება და, მინდა, ვთხოვო, დავავალო ბატონ ლაშა ხუციშვილს, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში, ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ შემოწმების შედეგები. ჩვენ რეალურად უნდა ვნახოთ, რაიმე უსამართლობას ან დარღვევას ხომ არ ჰქონდა ადგილი, ტექნიკურს, მექანიკურს… არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ აუცილებელია, ჩვენს მოსახლეობას უმოკლეს ვადებში გავცეთ პასუხები. ეს პასუხები არგუმენტირებული უნდა იყოს. თუ არავითარი დარღვევა არ აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ რაიმე გადაცდომა გამოვლინდება, ჩვენი მხრიდან, რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში, სემეკმა „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება 7 თებერვალს დაიწყო. საკითხის შესასწავლად, კომისიას 1 თვე აქვს.
“იმედინიუსი”