„იმ დღეს თამაზთან ერთად ბევრი დაინფიცირდა“ – ტარიელ ხარხელაური, თამაზ მეჭიაურთან ბოლო შეხვედრაზე

კორონავირუსთან 18 დღიანი ბრძოლის შემდეგ, 67 წლის ასაკში თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა.

პოეტ ტარიელ ხარხელაურს თანამემამულე პოლიტიკოსთან 40 წლიანი მეგობრობა აკავშირებს.

ბოლოს ერთმანეთი 25 იანვარს მიხაობაზე – მიხა ხელაშვილის დღეობაზე, ჩარგალში ნახეს. როგორც პოეტი გვიყვება, იმ დღეს მის გარდა, ბევრი დაინფიცირდა.

ტარიელ ხარხელაური: – ბოლოს, მე და თამაზი 25 იანვარს მიხაობაზე, ჩარგალში ვიყავით. არაფერი წინათგრძნობა არ ჰქონია. ჩვეულებრივი იყო. საერთოდ, არ იმჩნევდა ხოლმე ტკივილს, რაიმე წუხილს. სხვანაირად დადიოდა წუთისოფელში, სხვანაირად უხდებოდა სამზეოს…

სახეზე იარა ისევე ამშვენებდა, როგორც ღიმილი. სიარული უხდებოდა, ქეიფი უხდებოდა…

მიხა ხელაშვილს სამშობლოსთან და კაცობასთან აიგივებდა. ის არის ჩვენთვის სამშობლოს ერთგულების მაგალითიო.

საავადმყოფოში რომ მოხვდა, ჩემზე დარდობდა, მე ხომ არ გადავდე ტარიელს ვირუსიო, ჩემს მეუღლეს დაურეკა. იმ დღეს ყველა თიანეთელს შეხვდა კორონავირუსი, ჩემს გარდა. სამჯერადმა აცრამ მიშველა.

მე და თამაზს 40 წლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. როცა ადამიანი სიცოცხლეს იმეტებს შენთვის, ის ახლობელზე და მეგობარზე მეტია.

რაც მე ქართულ მწერლობაში შემოვედი, არც ერთი წუთით არ მივუტოვებივარ.

დღეს ბევრი იბრალებს პოეტურობას. თამაზმა მათზე უკეთ იცოდა ლექსი. უყვარდა ვაჟა-ფშაველა. უყვარდა ჩემი შემოქმედება. უკვე ვერ განასხვავებდი, ლექსიდან ვუყვარდი თუ მეგობრობიდან.

ჩემი სატკივარი ისევე მიიღო და უძლებდა, როგორც მე. მუდამ ჩემს გვერდით იდგა, კაცურად, ჭირშიც და ლხინშიც. იმედი უნდა გქონოდა, რომ ეს კაცი არ გიღალატებდა. გამორჩეული იყო.

ვინც კი იცნობდა თამაზ მეჭიაურს, ყველასთვის თავზარდამცემია ეს ამბავი. ვაჟამ რომ დაუწერა ალექსანდრე ყაზბეგს გარდაცვალებაზე ლექსი, თამაზისნაირ კაცებს ყველაზე მეტად უხდებათ.

“შვილო ტანჯულის ქვეყნისავ, სული დაჰლიე ტანჯვითა…” მან სული მართლა ტანჯვით დალია.