მე ხომ პოლიტიკური ფიგურა არ ვარ, რომ შევიდე დაპირისპირებაში ვინმესთან

მე ხომ პოლიტიკური ფიგურა არ ვარ, რომ შევიდე დაპირისპირებაში ვინმესთან – გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პრემიერმინისტრთან არავითარი დაპირისპირება არ აქვს. მისი თქმით, პოლიტიკური ფიგურა არაა, რომ ვინმესთან, “მითუმტეს” პრემიერთან დაპირისპირებაში შევიდეს.

კითხვები ამის შესახებ მედიას ვაქცინაციასთან დაკავშირებით ღარიბაშვილის და გამყრელიძის განსხვავებული განცხადებების შემდეგ გაუჩნდა.

– “რანაირად შეიძლება ეხლა პრემიერმინისტრსა და ინსტიტუტის დირექტორს შორის იყოს დაპირისპირება. მე ხომ პოლიტიკური ფიგურა არ ვარ, რომ შევიდე დაპირისპირებაში ვინმესთან, მითუმეტეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მე საკმაოდ ხანგრძლივი კარიერული ისტორია მაქვს, სხვათაშორის ამაზე დიდ პოსტზე ვარ ნამუშევარი ვიდრე ინსტიტუტის დირექტორია. ამიტომ არამგონია ეს სერიოზული განსჯის საგანი იყოს, ძალიან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, კოლეგიალური, შეიძლება ითქვას საბჭოს ფარგლებში, მე ყოველთვის სუბორდინაციას ვიცავ ყველასთან, ამიტომ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ არავითარი დაპირისპირება არ არსებობს” – თქვა ამირან გამყრელიძემ.

დაპირისპირება უარყო დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამაც და განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია.

პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ “ომიკრონის” დროს უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს და ამის მაგალითად საკუთარი მეორედ ინფიცირება მოიყვანა. მოგვიანებით NCDC-ს დირექტორმა თქვა, რომ ბუსტერი იცავს ინფიცირებისგან, მათ შორის ომიკრონის დროს, ასევე, ჰოსპიტალიზაციისგან და ფატალური შედეგისგან.

წყარო: ptn.ge