“ეს უნდა იყოს ოპოზიციური გაერთიანებული პასუხი” – ბადრი ჯაფარიძე

შეძლებს თუ არა ბადრი ჯაფარიძე სადეპუტატო მანდატის კვლავ მოპოვებას? – “ლელო” ორი აპრილის შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სწორედ ბადრი ჯაფარიძეს ასახელებს.

პარტიაში იმედოვნებენ, რომ მათ კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციაც დაუჭერს მხარს.

“ეს არ არის მხოლოდ რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარული არჩევნები, ეს რის სწორედ საშუალება, რომ ჩვენ გაერთიანებული პასუხი გავცეთ იმ უკანონობას და თავგასულობას, რასაც ყოველდღე აჩვენებს “ქართული ოცნება” და ეს უნდა იყოს ოპოზიციური გაერთიანებული პასუხი,“ – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

სკეპტიკურად არის განწყობილი მმართველი გუნდი. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძეს გამარჯვების შანსი არ აქვს.

“ამ შემთხვევაშიც ნული იქნება მისი შანსები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ლელოს” ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება გუშინ შეუწყვიტა, რითაც ლელოს ფრაქცია დაშლისა და საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის წინაშე დადგა.

2 აპრილს რუსთავის გარდა პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება გარდაბანში, ბათუმში კი საკრებულოს წევრი უნდა აირჩიონ.

 

“რუსთავი2′