ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ მოკლული ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის ოჯახი ცნობილ მსახიობს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.
ჰატჩინსის ქმრისა და 9 წლის შვილი სახელით შედგენილი სარჩელი ნიუ-მექსიკოს შტატის საოლქო სასამართლოში შევიდა. ბოლდუინის გარდა, სარჩელზე მოპასუხეები არიან რეჟისორის თანაშემწე დევიდ ჰოლსი, ფილმის დირექტორი კეტრინ უოლტერსი, იარაღზე პასუხისმგებელი პირი ჰანა გუტიერეს რიდი და იარაღის მიმწოდებელი სეტ კენი.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოპასუხეებმა იცოდნენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, მათ შორის გადასაღებ მოედანზე წინა სამი შემთხვევითი გასროლის შესახებ, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. ოჯახის განცხადებით, ჰალინა ჰატჩინსის გარდაცვალება „უგუნურმა ქმედებებმა და ხარჯების ეკონომიის მიზნით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა“ გამოიწვია.
ბოლდუინისა და სხვა მოპასუხეების ადვოკატის განცხადებით, ნებისმიერი მტკიცება იმის შესახებ, რომ ბოლდუინი უგუნურად მოიქცა, არის მცდარი. უფლებადამცველის თქმით, გადასაღები ჯგუფის წევრები ეყრდნობოდნენ იარაღის შემოწმებაზე პასუხისმგებელი ორი სპეციალისტის განცხადებებს, რომლებმაც თქვეს, რომ ის უსაფრთხო იყო.
ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღით მოკლა. დაჭრილი რეჟისორი ჯოელ სოუზა კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ფილმის გადამღები კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი იმ სცენის გადაღების დროს მოხდა, როდესაც ბოლდუინს ცარიელი ვაზნებით უნდა ესროლა.