საერთაშორისო ცხოვრებაში გათვიცნობიერებულმა პოლიტიკოსმა და ექსპერტმა კარგად იცის ვოლფგანგ იშინგერი — მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე, დასავლეთში და არა მარტო, ცნობილი დიპლომატი. რით არის განპირობებული იშინგერის გახსენება? მარტივი მიზეზით — მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციით, რომელიც „კოვიდ-19“ პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 18-20 თებერვალს, იმართება.
მიუნხენის კონფერენცია ყოველწლიური თავყრილობაა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიოს პოლიტიკოსები, სახელმწიფო მეთაურები, დიპლომატები, ცნობილი ექსპერტები. კონფერეციაზე გამოთქმული მოსაზრებები მრავალი წლის განმავლობაში ხდება პოლიტიკოსთა, ექსპერტთა, საზოგადოების წარმომადგენელთა განსჯის საგანი — ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი, შესაბამისი დასკვნების გაკეთების მასტიმულირებელი. თუმცა არცთუ იშვიათად, კონფერენციაზე ნათქვამი, უდაბნოში ღაღადს ემსგავსება, ვერ აღწევს მიზანს, ისეთს, როგორსაც გამომსვლელი ინატრებდა.
კონფერენციაზე იშვიათად აქვს ადგილი მწვავე კრიტიკულ გამოსვლებს, რასაც დისონანსი შეაქვს შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მშვიდ, წყნარ დისკუსიაში. კონფერენციაში მონაწილენი, განსაკუთრებით ზედმიწევნით იცავენ „წყნარი დისკუსიის“ ტრადიციულ კურსს — მსოფლიო პოლიტიკის, უსაფრთხოების საკითხების ევროატლანტიკურ აღქმას, ზოგიერთი ურჩი ქვეყნის კრიტიკულ მოხსენიებას.
ტრადიციად ქცეული რიტუალი 2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დაარღვია, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა კოლექტიური დასავლეთი, მსოფლიო მშვიდობაში უსაფრთხოების ნაცვლად, საფრთხის შეტანის გამო.
პუტინის გამოსვლა იმდენად განსხვავებული და უცხო გამოდგა რიტუალურ მონოტონურობას მიჩვეული დამსწრე საზოგადოებისთვის, რომ გაოცებულებს — პუტინის პირდაპირობით, ყბები ჩამოუვარდათ. ვინც 2007 წლის კონფერენციას ადევნებდა თვალს, ემახსოვრება აშშ-ს დელეგაციის, მათ შორის სენატორ მაკკეინის უკმაყოფილო სახეები, ტრიბუნასთან მდგომი რუსეთის პრეზიდენტის მოხსენებით გამოწვეული.
დამსწრე საზოგადოებას, უპირველესად ამერიკელებს კარგა ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ მოსმენილი დასავლეთის ესოდენ მკაცრი კრიტიკა.
პუტინის მიუნხენის სიტყვა გადაიქცა რუსეთის უპირველეს პოლიტიკურ ვექტორად — დასავლეთთან მიმართებაში, მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად.
მიუნხენიდან მოყოლებული სხვა გამოსვლებიც, განსაკუთრებით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, აღსავსე იყო მსოფლიო უსაფრთხოების პრობლემების სრულიად ახალი აღქმით, თამამი კრიტიკით, უსაფრთხოების თანამედროვე სისტემის შექმნის სურვილით.
…
მიუნხენის კონფერენცია წელს ურუსეთოდ მიმდინარეობს. მეტოქის გარეშე დარჩენილი კოლექტიური დასავლეთი, მისთვის ჩვეული სიყალბით ადანაშაულებს რუსეთს და მოუწოდებს უსაფრთხოების პოლიტიკისკენ.
ჩემი აზრით, ურიგო არ იქნებოდა, რომ მას — „კოლექტიურ დასავლეთს“ ყურადღება მიექცია იშინგერის განცხადებისთვის, რომელიც მან სულ ახლახანს გააკეთა. „ყველაფერთან ერთად, საჭიროა საკუთარი შეცდომების დანახვა. შეცდომა იყო, როდესაც უკრაინასა და საქართველოს 2008 წელს შესთავაზეს ნატოს წევრობა. ყველას კარგად ესმოდა, რომ რუსეთისათვის ეს წითელი ხაზი იყო. მერკელმი და სარკოზი სამართლიანად წავიდნენ ამ წინადადების საწინააღმდეგოდ და რამდენადმე შეარბილეს ვითარება, როდესაც მიაღწიეს იმას, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღების ვადები არ დასახელდა. თუმცა ეს პუტინმა საბოლოოდ ისე აღიქვა, როგორც ომის გამოცხადება“.
იშინგერმა იმავე ინტერვიუში ასევე თქვა:
„დიპლომატიის ხელოვნება იმაშია, რომ აკეთო ერთდროულად ორი რამ, რომლებიც ერთმანეთს არ შეეწინააღმდეგებიან. ჩვენ, ცხადია ვიზიარებთ თავისუფალი არჩევნის პრინციპს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავარწმუნოთ რუსეთი, რომ უკრაინა და საქართველო არ იქნებიან მიღებული ნატოში. ამ ქვეყნებში არ განლაგდება ბირთვული იარაღი და სამხედრო კონტინგენტი“.
მოაწყობს თუ არა რუსეთს იშინგერის წინადადება, ვერ გეტყვით, ვინაიდან კრემლი კატეგორიულად მოითხოვს საკუთარი წინადადებების შესრულებას. ის უკან დახევას არ აპირებს, რაც დაფიქსირდა რუსეთის პასუხში, რომელიც გუშინ გააკეთა კრემლმა. რუსეთის გადაწყვეტილება ასეთია — ვინაიდან აშშ-ნატო არ აპირებენ რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვას, რუსეთს აღარაფერი რჩება, გარდა სამხედრო გადაწყვეტილებისა. მისი აზრით, ვიდრე რუსულ ბირთვულ იარაღს არ იხილავს აშშ თავის ტერიტორიის სიახლოვეს, ის არ გამოფხიზლდება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი