“პრაქტიკულად ცხოვრება აღარ მაქვს” – 5 ივლისს დაშავებული ოპერატორის ჩვენება სასამართლოზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 5 ივლისის მოძალადეების საქმის განხილვა გრძელდება. პროცესზე დღეს ჩვენება მისცა პირველი არხის ოპერატორმა ილია თვალიაშვილმა, რომელსაც თვალი სწორედ ბრალდებულების ქმედებების შედეგად დაუზიანდა:
– “პრაქტიკულად ცხოვრება აღარ მაქვს, ამდენი წელი შევალიე ჩემს პროფესიას და ჩემს საქმეს ვეღარ ვასრულებ. არ მინდა ჩემს გამო უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩაჯდეს, მაგრამ თუ რომელიმე მათგანს დაუდასტურდა, რასაც პროკურატურა ედავება, გთხოვთ, უმკაცრესი სასჯელი იყოს გამოყენებული ამ ადამიანების მიმართ” – მიმართა დაზარალებულმა მოსამართლეს.
მისი თქმით, დღემდე სჭირდება წამლები და გამაყუჩებლები, საკუთარ საქმე კი სრულფასოვნად ვეღარ ასრულებს:
– “ფაქტობრივად სახლში ვარ გამოკეტილი და სამსახურშიც თუ ვარ პრაქტიკანტის მოვალეობას ვასრულებ, პრაქტიკანტსაც არ ასაქმებენ ისე, როგორც მე ვარ დასაქმებული „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, ჩემი საქმე პრაქტიკულად საქმე არ არის. მირჩევნია სახლში ვიყო და საკუთარ თავს მივხედო, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ თავისუფალ დროს გავიდე და მეგობრებთან გავერთო, მიუხედავად იმისა, რომსაკმაოდ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი…” ამბობს თვალიაშვილი.
მისი თქმით, დაშავების შემდეგ პირველი დიაგნოზი თვალის ქიმიური დამწვრობა დაუსვეს, ამის შემდეგ კი 10 დღე ვერაფერს ხედავდა ორივე თვალიდან – “ერთ-ერთი ჩემი კოლეგა თავისი ხელით მაჭმევდა, ფიზიკურად არ მქონდა ძალა, რომ ხელი ამეწია და ჩემით მეჭამა“ – აღნიშნა ილია თვალიაშვილმა.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.
წყარო: itv.ge