ვითმენთ საყვედურებს, მაგრამ არა შეურაცხყოფას – საზმაუ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ არხის წინააღმდეგ „მიზანმიმართული, რეპუტაციის შემლახავი კამპანია მიმდინარეობს”.

„საქართველოს პირველი არხი ეხმაურება მის წინააღმდეგ რეპუტაციის შემლახავ, მიზანმიმართულ კამპანიას და კატეგორიულად აცხადებს, რომ არხზე არ დახურულა არცერთი პროექტი, მათ შორის, „ახალი კვირა“, და ამ დროისთვის გადაცემის გუნდის უკლებლივ ყველა წევრი არის მაუწყებლის ანაზღაურებადი თანამშრომელი. არხი მაყურებელს შესთავაზებს გადაცემის განახლებულ ფორმატს, რომელზეც სწორედ „ახალი კვირის“ გუნდი მუშაობს.

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ინსტიტუციის მიმართ ხორციელდება ცილისმწამებლური, მიზანმიმართული კამპანია და ის ბრალდებები, რომლის ტირაჟირებაც ხდება, სრულიად უსაფუძვლო და საგანგაშოა, რადგან საქმე ეხება სარედაქციო პრინციპების დარღვევის ბრალდებას, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბოლო წლების ფუნდამენტური მონაპოვარია.

ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველოს პირველი არხის მიმართ საზოგადოების ნდობა იზრდება. როგორც ჩანს, დამოუკიდებელი ინსტიტუციის გაძლიერება არ არის ხელსაყრელი ზოგიერთი დაინტერესებული მხარისთვის, რაზეც მეტყველებს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციისა და იმიჯის შელახვის მიზნით წარმოებული კამპანია.

მივიჩნევთ, რომ რადიკალურად პოლარიზებულ მედიაგარემოში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი იცავს მკაცრად სარედაქციო პრინციპებსა და მედიასტანდარტს, რაც გამოიხატება მის დაბალანსებულ, მრავალფეროვან, ხარისხიან სატელევიზიო, რადიო და ონლაინ პროდუქტში.

საზოგადოებრივ მაუწყებელში საქმიანობს მრავალი ღირსეული პროფესიონალი, ვისთვისაც, თმენის ვალდებულების მიუხედავად, კატეგორიულად მიუღებელია წარმოებული კამპანიის შინაარსი და არავინ დაუშვებს მათ პროფესიულ საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეშ ჩარევას.

ჩვენ ვისმენთ და ვითმენთ საყვედურებს, მაგრამ არა შეურაცხყოფას“, – წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე, გადაცემა „ახალი კვირის“ ყოფილმა წამყვანმა, იმედა დარსალიამ განაცხადა, რომ არხის მმართველების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ დაიწყონ გადაცემის რეორგანიზაცია, რეალურად მის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებაა.

მისივე განცხადებით, გადაცემაზე მუშაობის დროს არხის წარმომადგენლების მხრიდან იყო „კრიტიკული თემების დაბლოკვის მცდელობა“. ასევე, არსებობდა ე.წ. „შავი სიები“, რაც გულისხმობდა იმ პირთა სიას, რომლებთანაც არხი არ თანამშრომლობდა.

„იყო თემების დაბლოკვის მცდელობები და ჩვენ გუნდი თითქმის ყოველთვის ვახერხებდით, რომ თემები მოგვემზადებინა ობიექტურად და სამართლიანად. იყო შავი სიები, ამას პირველად ვამბობ ახლა, თუმცა არ გავაგრძელებ საუბარს. სასამართლომდე მივალთ ჩვენ და იქ ვილაპარაკებ ყველა დეტალზე“, – განაცხადა დარსალიამ TVპირველთან საუბრისას.

 

“ნეტგაზეთი”