ბრიტანეთში, დამანგრეველი ქარიშხლის გამო, განგაშია გამოცხადებული – არიან დაშავებულები.
დაშავებული ადამიანები, დანგრეული შენობები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ამოთხრილი ხეები – ბრიტანეთში ქარიშხალი “იუნისი” მძვინვარებს.
BBC-ის ცნობით, ქვეყანაში გამოცხადებულია განგაშის ყველაზე მაღალი, წითელი დონე. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარის სიჩქარემ შესაძლოა, საათში 145 კმ-ს მიაღწიოს. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
სტიქიის გამო გაუქმებულია 500-მდე ფრენა, ჩაიკეტა სარკინიგზო ხაზები და დაიხურა საგზაო ხიდები. უელსში დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებებიც.
სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც 1 200-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
BBC ასევე წერს, რომ „იუნისი“ უკვე მეორე შტორმია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს თავს ამ კვირაში დაატყდა. სინოპტიკოსების შეფასებით, ის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძლავრი სტიქიაა.
წყარო: ptn.ge