“დღეს, ლადო ბედუკაძე ჩემს კისერზეა, ბინის ქირას ვერ იხდის და არც საჭმლის ფული აქვს” – თამაზ ელიზბარაშვილი

თამაზ ელიზბარაშვილი “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომელზე ვლადიმერ ბედუკაძე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს, ის ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

ელიზბარაშვილი ირწმუნება, რომ ლადო ბედუკაძეს ციხის კადრების გავრცელებაში და ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლაში დიდი წვლილი მიუძღვის.

“რომ იცოდეთ, დღეს ლადო ბედუკაძე ჩემს კისერზეა. შემიძლია წაგიკითხოთ ის მონაწერი, რომლებიც მან გამომიგზავნა. საწყალი… კაცი, რომელმაც 2012 წელს ამხელა საქმე გააკეთა უყურადღებოდაა დარჩენილი და ასეა მიგდებულია. ის ავად არის და მკურნალობა სჭირდება. ასევე, ბინის ქირას ვერ იხდის და არც საჭმლის ფული აქვს. მე მას ბელგიაში და თურქეთში 2011-2012 წლებში ვპატრონობდი, მაშინ როცა ციხიდან ის ცნობილი კადრები გამოვიდა.

ლადო ბედუკაძე ციხეში გავიცანი და ვიცი თუ როგორ გვექცეოდნენ პატიმრებს. იქ იყვნენ ჯალათები და ლადო ბედუკაძეც. ზოგს სწყინს მასზე რომ ვლაპარაკობ – ამბობენ, ჯალათი იყო და ა.შ. მე კი, ვიცი ყველაფერი, რა როგორ იყო და გეუბნებით, რომ ამ კაცს ლომის წვლილი მიუძღვნის ციხის კადრების გავრცელებაში და იმ პროცენტში, რაც “ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს აიღო,” – განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.

ცნობისთვის, გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე 2012 წელს ციხეში წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში ფიგურირებდა.