საქართველოსა და ისრაელს პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვს – პრემიერი

უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად, საქართველოს მთავრობის მეთაური, მიუნხენში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა ისრაელის ვიცე-პრემიერს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობას.

აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება.

მხარეების შეფასებით, ორ ქვეყანას სამაგალითო და ძლიერი ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საერთო ფასეულობებს ემყარება და ქმნის მტკიცე საფუძველს პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის.

შეხვედრას საქართველოს პრემიერ მინისტრი twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა.

“ძალიან კარგი საუბარი შედგა ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან, ბენი განცთან. საქართველოსა და ისრაელს ორმხრივი პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მეტად გაღრმავდება საერთო ინტერესების სფეროში ჩვენი კავშირების გაძლიერების შედეგად,” – აცხადებს პრემიერი.

 

“რუსთავი2”