„ომიკრონთან“ ბრძოლაში შეზღუდვები არაეფექტიანია – ივანე ჩხაიძე

„ომიკრონთან“ ბრძოლაში შეზღუდვებია არაეფექტიანია, – ამის შესახებ bm.ge-ს იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების უფროსმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

თუმცა ექიმი აქვე ამბობს, რომ სხვა ქვეყნებთან ერთად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ცხოვრება მიდის შეზღუდვების გარეშე.

„არ დარჩა მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რომელმაც შეზღუდვები დატოვა ძალაში, რადგან ეს არაეფექტიანია „ომიკრონთან“ ბრძოლაში. ამ ვარიანტის გავრცელების სისწრაფე და მისი უნარი, შეიჭრას უჯრედში იმდენად განსხვავებულია წინა მუტაციებისგან, რომ ამ შეზღუდვების ეფექტიანობა, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. ამდენად, შეზღუდვები აღარ არის დარჩენილი. საჭიროა არა დამატებითი შეზღუდვები, არამედ ვაქცინაციის გააქტიურება.

საქართველოშიც, სხვა ქვეყნების მსგავსად, არანაირი შეზღუდვა აღარ არის. ფაქტობრივად, ყველა შეზღუდვა მოხსნილია, დარჩენილია ნიღბის ტარება ნომინალურად, მაგრამ არ მგონია, ეს ვინმემ მოხსნას, ჯერჯერობით. დანარჩენი ყველაფერი ღიაა, ყველაფერი მუშაობს. „მწვანე პასპორტებიც“ აღარ გვაქვს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ცხოვრება მიდის შეზღუდვების გარეშე, თუმცა აქვს თუ არა რაიმე შეზღუდვას მნიშვნელობა – ეს არის მთავარი. ის, რაც წინა, მძიმე შტამებთან იყო ეფექტიანი, „ომიკრონთან“ არ მუშაობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მან ზოგადი ეპიდვითარებაც შეაფასა და განაცხადა, რომ ტენდენცია კლებისკენ მიდის და თუ ასე გაგრძელდა, მარტის პირველ კვირაში ინფიცირების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი.

„კლებისკენ არის წასული ტენდენცია გვაქვს. თუ ციფრებს შევხედავთ, 2 თებერვლის მაქსიმუმი რჩება მაქსიმუმად და თუ ასე გაგრძელდა მომდევნო კვირაში, ეს ნიშნავს მეექვსე ტალღის დაღმავალ მრუდს. ალბათ თებერვლის ბოლო, მარტის პირველი კვირა იქნება ინფიცირებულთა მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლება. საყურადღებოა დადებითობის მაჩვენებელი, თუმცა ყველა სხვა პარამეტრი, მათ შორის თავისუფალი საწოლების რაოდენობა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

წყარო: bm.ge