არ მინდა დავამადლო, მაგრამ 2014-ში დიდი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიტანეთ – სერგეენკო უკრაინაზე.
მიუნხენის ისტორიულ შეხვედრაზე უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პრემიერ ღარიბაშვილის დუმილზე “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ პასუხები ე.წ. პროტოკოლში უნდა მოიძებნოს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო ამბობს, რომ მათ 8 წლის წინ, 2014 წელს უკრაინაში საომარი ვითარების დროს უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანეს და ამას არ ამადლიან.
– “2014 წლის სექტემბერში, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი და მე ვიყავი ჯანდაცვის მინისტრი, დამირეკა და დამავალა, რომ სასწრაფოდ ჩავსულიყავი კიევში. მეორე დღესვე იქ ვიყავი ჩასული და პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელიც კონფლიქტის დაწყების მერე ჩავიდა უკრაინაში და არ მინდა, რომ დავამადლო, მაგრამ ძალიან დიდი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიტანეთ. თუ ვინმეს შეხვდა ან ვერ შეხვდა არ ვიცი რა მის პროტოკოლს ჰკითხეთ. ამის უკან პოლიტიკური სარჩულის ძებნა ზედმეტი მგონია”,- ამბობს სერგეენკო.
ცნობისთვის, პრემიერ ღარიბაშვილს ჰქონდა ისტორიული შანსი, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე, მსოფლიო ლიდერებს პირისპირ შეხვედროდა და სოლიდარობა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ საჯაროდ დაეფიქსირებინა. საქართველოს პრემიერს საერთაშორისო ტრიბუნა ამისთვის არ გამოუყენებია.
წყარო: ptn.ge