სააკაშვილის რიყის დოქები ისევ აუქციონზე გააქვთ.
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფოს რიყის დოქები აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოაქვს. ობიექტი აუქციონზე უკვე მეექვსედ გავა.
არაერთი ფასდაკლების მიუხედავად, ამ დრომდე მისი გაყიდვა ვერ მოხერხდა. დავითაშვილის თქმით, ამჯერად, დოქების საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება, სახელმწიფოს პირობაა, რომ ინვესტორმა მინიმუმ 20 მლნ ლარიანი ინვესტიცია განახორციელოს, და ეს არა უმეტეს სამი წლის ვადაში მოესწროს.
სამინისტრო დოქების სივრცეში ციფრული ხელოვნების მუზეუმის, ასევე, ღვინის მუზეუმის შექმნას განიხილავს.
– “ვფიქრობ, რომ დოქებში შეიძლება, რომ ერთ-ერთი სივრცე დაეთმოს ქართული ღვინის მუზეუმს და ქართული ღვინის თემატიკას. ეს არის ცენტრალური ადგილი, სადაც ძალიან ბევრი მნახველი, ვიზიტორი ხვდება თბილისში” – თქვა დავითაშვილმა.
გარდა ამისა, აუქციონზე გამოდის ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფო. მინისტრის თქმით, რამდენიმე ინვესტორთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდათ, სახელმწიფოს სურს ფუნქციურად ობიექტს თანამედროვე მუზეუმის, საგამოფენო სივრცის სტატუსი ჰქონდეს და დაინტერესებასაც ამ კუთხით ელოდებიან.
– “ჩვენი ამოცანაა, რომ გაჩნდეს მეტი ისეთი მიზიდულობის ადგილი, რომელიც ტურისტისთვის იქნება საინტერესო, შეიძლება ტურისტი ზუსტად ამის გამოც იღებდეს გადაწყვეტილებას, რომ ქვეყანაში ჩამოვიდეს” – თქვა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ორივე ობიექტის ტერიტორია საკმაოდ ხალხმრავალია, სადაც უცხოელი ვიზიტორები ხშირად ხვდებიან.
წყარო: itv.ge