“იმ დღეს, ჩემში ღმერთზე მეტი ეშმაკი იყო” – შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული

“ბოდიშს ვუხდი, ყველა მანდილოსანს…იმ დღეს, ჩემში ღმერთზე მეტი ეშმაკი იყო” – შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული.

იმ დღეს, ჩემში ღმერთზე მეტი ეშმაკი იყო – განაცხადა ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას. მან ბოდიში მოიხადა და იტირა.

მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და იტირა.

– “ბოდიშს მოვიხდი, დღემდე საერთოდ არ მისაუბრია, არც იქნებოდა სწორი რამეზე მელაპარაკა. აქ მანდილოსნები სხედან და ბოდიშს ვუხდი, ყველა მანდილოსანს. არ ვარ ასეთი ადამიანი და არ ვყოფილვარ ასეთი ადამიანი, მე ჩემი თავი იმ დღეს ვერ გავაჩერე, ალბათ, იმ დღეს, ჩემში ღმერთზე მეტი ეშმაკი იყო, როცა ამ ქვეყნის შვილი ხარ, ასე არ უნდა შეგეშალოს და მე შემეშალა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მოხდა. მე ამ ქვეყანას, ხალხს ვუხდი ბოდიშს, იმ ადამიანის ოჯახს ვუხდი ბოდიშს, ეს არის დანაკლისი, რასაც ვერ ავანაზღაურებ. უბრალოდ, მაპატიეთ. რაც არ უნდა გამოიტანოთ განაჩენი, ხმას არ ამოვიღებ, არ გავასაჩივრებ, ბოლომდე დავდგები, ბოდიშს გიხდით. ბოდიში, ეს არ იყო დაგეგმილი, ასე მოხდა, გულწრფელად ბოდიშს ვიხდი, არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა, ყველას ბოდიშს გიხდით” – განაცხადა მურსაკულოვმა.

განაჩენს სასამართლო 9 მარტს გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქე გასული წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

დააკავეს რაფაელ მურსაკულოვი, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: itv.ge