პუტინს ომის დაწყება არ სურს, მაგრამ ომისთვის მზად არის – ანუ რას ნიშნავს ორი რესპუბლიკის აღიარება მოსკოვის მიერ

დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, ვლადიმირ პუტინისა და სრულიად რუსეთის მიერ, ნიშნავს, რომ:

რუსეთი ომის გაჩაღებას უკრაინასთან არ გეგმავდა და არ გეგმავს, რუსეთის სტრატეგია არის თავდაცვითი. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარებით მოსკოვი აფრთხილებს კიევს, არ გადაკვეთოს წითელი ხაზი და თავად არ განახორციელოს სამხედრო შეტევა დაუმორჩილებელ რეგიონზე.

მნიშვნელოვანია, აგრეთვე, თუ რა საზღვრებში აღიარა რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები, ვინაიდან, ოფიციალურად ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები უფრო ვრცელი სივრცეა, ვიდრე კიევის მიერ უკონტროლო ტერიტორიები, სადაც დე ფაქტო რესპუბლიკები აკონტროლებენ ვითარებას. რუსეთმა სწორედ ამჟამინდელ, ფაქტობრივ საზღვრებში აღიარა ორი რესპუბლიკა, სადაც, საერთო ჯამში, 6 მილიონზე მეტი ადამიანი სახლობს, 55 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე. ეს მომენტი ცალსახად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი კლიმოვმა, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით:

“რასაკვირველია, საუბარია ტერიტორიებზე, რომლებიც მდებარეობენ დღევანდელ დღეს არსებულ საზღვრებში” – აღნიშნა რუსმა სენატორმა.

პუტინი რომ უკრაინასთან ომის საბაბს ეძებდეს, დონეცკ-ლუგანსკს იგი არა ამჟამინდელ ანუ ფაქტობრივ საზღვრებში, არამედ ფორმალურ ადმინისტრაციულ საზღვრებში აღიარებდა, რაც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე პრეტენზიის განცხადების მანიშნებელი იქნებოდა. სხვათა შორის, დონეცკისა და ლუგანსკის ამჟამინდელი მმართველი პოლიტიკური ძალები თავიანთ რესპუბლიკებს სწორედ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში ანუ კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებიანად, განიხილავენ.

მაშ, რატომ მოხდა ვლ. პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება დამოუკიდებელ რესპუბლიკებად (ფაქტობრივ საზღვრებში)?

პასუხი ერთია: პუტინს ომი არ სურს, მას სურს, გამოაფხიზლოს კიევის რეჟიმი და ომის დაწყება გადააფიქრებინოს, რაც აშკარად დაგეგმილია კიევში, გამომდინარე ბოლო დღეებში დონეცკისა და ლუგანსკის გახშირებული დაბომბვებიდან. ბუნებრივია, კიევს აშშ-დან აქეზებენ, როგორც ერთ დროს სააკაშვილის საქართველო გააქეზეს და დააჯერეს, რომ რუსეთი ცხინვალის ომში არ ჩაერეოდა. ახლა მოსკოვი წინასწარ იჭერს თადარიგს – ჯერ აღიარებს რესპუბლიკების დამოუკიდებლობას და ამ გზით უფლებას იტოვებს, სრულყოფილად ჩაერთოს ომში, თუკი ამ ომს კიევის რეჟიმი მაინც დაიწყებს. ახლა ყველაზე უფრო დაბალი ინტელექტის მქონე ბანედრელი ნაციონალისტიც უნდა მიხვდეს, რომ რუსეთი ღიად იომებს, თუკი უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასში სისხლისღვრას ინტენსიურად დაიწყებენ და ომს გააჩაღებენ. უკვე ამაღამვე გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ დონბასის გასამაგრებლად, რუსული საჯარისო ტექნიკა მიემართება – ეს უკვე დამოუკიდებლად აღიარების შედეგია და კრემლის მიერ რესპუბლიკებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს (ხელშეკრულებები დონეცკთან და ლუგანსკთან 10 წლის ვადით დაიდო).

მაშასადამე, პუტინს ომი არ სურს, მაგრამ საომრად მზად არის!

 

გულბაათ რცხილაძე