ბაიდენი-პუტინის შეხვედრა გაუქმდა

თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა აღარ გაიმართება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრა გააუქმა შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც.

ბლინკენის თქმით, შეხვედრამ აზრი დაკარგა, რადგან აშშ-ის ხედვით, რუსეთის ფედერაციამ უკვე დაიწყო უკრაინაში შეჭრა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ „სრულმასშტაბიანი შეჭრა მოსალოდნელია მომდევნო 24 საათის განმავლობაში“.

ამასთან, შტატებისა და ევროკავშირის კვალდაკვალ, რუსეთის წინააღმდეგ ფინანსური/ეკონომიკური სანქციები დააწესებს სხვა ქვეყნებმა, მათ შორის კანადამ და იაპონიამ.


რუსეთის ფედერაციამ 21 თებერვალს დამოუკიდებლად ცნო დონეცკის და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლკები. ამასთან, მან უკრაინის ხელისუფლებას „საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა“ მოსთხოვა.

უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.

18 თებერვალს დონბასისა და ლუგანსის ლიდერებმა რუსეთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. მანამდე კი პუშილინმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს.

პუტინის გადაწყვეტილების პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას არავისი და არაფრის არ ეშინია.


ბაიდენმა, რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ საპასუხოდ რუსეთს სანქციების პირველი ტრანში დაუწესა.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დაწესდება შემდეგი სანქციები:

  • დაუწესდება სანქციები რუსულ ბანკებს – „რუსეთის სახელმწიფო განვითარების კორპორაციას“ (VEB) და რუსეთის სამხედრო ბანკებს;
  • დაწესდება სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალზე – მოსკოვს აეკრძალება სახელმწიფო ვალის ობლიგაციების განთავსება ამერიკულსა და ევროპულზე.

ასევე, ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დაწესდება სანქციები „რუსული ელიტისა და მათი ოჯახების“ წინააღმდეგ. მისივე თქმით, გერმანიასთან ერთად „ყველაფერი გაკეთდება, „რათა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-მა მუშაობა ვერ დაიწყოს“.

ბაიდენის განცხადებით, პუტინის გუშინდელი განცხადება არის მომავალი, უფრო მასშტაბური აგრესიისთვის ნიადაგის მომზადება. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა , რომ 2014 წელთან შედარებით, ვაშინგტონი ბევრად უფრო მკაცრ სანქციებს დააწესებს.

 

“ნეტგაზეთი”