ეროვნული მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა ომბუდსმენს დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე მიმართა.
ხელოვნების ეროვნული მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა, ეკა კიკნაძემ თეა წულუკიანისა და მუზეუმის დირექტორატის წინააღმდეგ სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე მიმართა.
ინფორმაციას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს.
– “2022 წლის 28 იანვარს, სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაქვეყნა კონკურსში გამარჯვებული პროექტების ჩამონათვალი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის 13 გამარჯვებულ პროექტს შორის არის ეკატერინე კიკნაძის და ხელოვნების მუზეუმის სხვა (აწ უკვე ყოფილი) თანამშრომლების ერთობლივი პროექტიც.
– მას შემდეგ, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ ეკატერინე კიკნაძის პროექტმა მიიღო რუსთაველის ფონდის დაფინანსება, იმ მიზნით, რომ ხელი შეშლოდა კრიტიკულად განწყობილი (ყოფილი) თანამშრომლების სამეცნიერო კვლევების განხორციელებას მუზეუმში, მინისტრმა შეიმუშავა განსხვავებული შეხედულებების გამო კვლევითი პროექტებიდან კონკრეტული პირების ჩამოშორების მექანიზმი. კერძოდ, დებულებით დირექტორატს მიენიჭა უფლებამოსილება, დაფინანსებული პროექტების შესახებ მიმართოს დამფინანსებელს და მოითხოვოს საგრანტო თანხა. დირექტორატს ასევე მიენიჭა უფლება, თავად განსაზღვროს დაუშვებს, თუ არა მუზეუმში მკვლევარს კვლევითი პროექტის განხორციელების მიზნით” – აღნიშნავს ორგანიზაცია.
მიღებული ცვლილებების შესაბამისად, 9 თებერვალს, დირექტორატის წევრმა, ნიკა ახალბედაშვილმა წერილობით მიმართა რუსთაველის ფონდს 13 გამარჯვებული პროექტისთვის დაფინანსების გამოყოფის მიზანშეუწონლობის შესახებ, რითაც ფაქტობრივად შეჩერდა სამეცნიერო პროექტების, მათ შორის, ეკატერინე კიკნაძის და მისი კოლეგების გამარჯვებული პროექტის განხორციელება.
– “22 თებერვალს ეკატერინე კიკნაძემ საჩივრით მიმართა სახალხო დამცველს და მოითხოვა მინისტრის, სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატისა და მისი ოთხი წევრის მიერ განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა” – წერს საია.
ეკატერინე კიკნაძეს მისი სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლოშიც გასაჩივრებული აქვს.
წყარო: ptn.ge