საქართველო რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს, თუმცა “ყურადღებით შევისწავლით სანქციებს” – ღარიბაშვილი

დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? – ამ კითხვაზე “რუსთავი ორის” ეთერში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც ქვეყნის მდგომარეობას გააუარესებს.

“ერთი რამ მინდა მკაფიოდ ვთქვა, რათა არ იყოს შემდეგ სპეკულაციები და კითხვები პასუხგაუცემელი. მე როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი სიტყვა, საქმე, გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოსთან და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვასთან, რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ და ვიხელმძღვანელებთ. სხვა ყველაფერი, რომელიც პოტენციურად გააუარესებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას და მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, მე არ გავაკეთებ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციას, ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს, როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყანაზე, და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, – დასძინა მან.

მისივე თქმით, საქართველო შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გვერდით უდგას უკრაინელ ხალხს: “ჩვენ გვინდა, რომ უკრაინაში არ იყოს ომი, იყოს მშვიდობა, აღდგეს მათი ტერიტორიული მთლიანობა და მათი სუვერენიტეტი იყოს დაცული”.

 

ბიზნესმედია