რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარებას აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების პირველი ტალღა უკვე მოჰყვა. მათ შორის გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, შეჩერდა Nord Stream 2-ის მილსადენის სერტიფიცირების პროცესი, რომელსაც ევროპისთვის წლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა მიეწოდებინა. ამან კიდევ უფრო დაამძიმა გერმანელი მომხმარებლების ვითარება, რომლებიც ისედაც წარმოუდგენლად გაძვირებულ ტარიფებს იხდიან ბუნებრივ აირსა და ელ.ენერგიაში.
რუსეთის მთავარი საექსპორტო საქონელი სწორედ ბუნებრივი რესურსებია და სწორედ რუსეთს შეუძლია, ევროპას მისცეს ამოსუნთქვის საშუალება. ქვეყანა დღეში 10 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს მოიპოვებს, რითიც გლობალურად მესამე ადგილზეა; რუსეთი ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მიმწოდებელია. მთლიანობაში ქვეყნის საექსპორტო შემოსავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო ფასზე. სწორედ ნავთობის გაძვირების გამო, 2021 წელს რუსეთის ექსპორტი 46%-ით გაიზარდა და $493 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ექსპორტის ნახევარზე მეტი – 54% საწვავ და ენერგეტიკულ პროდუქტებზე მოდიოდა.
უფრო დეტალურად რუსეთის უმსხვილესი საექსპორტო საქონელი ასე ნაწილდება:
1. ნედლი ნავთობი – $110.1 მილიარდი, 230 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 52%;
2. ნავთობპროდუქტები (გარდა ბენზინისა და დიზელისა) – $70.0 მილიარდი, 144 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 102%;
3. ბუნებრივი აირი – $55.5 მილიარდი, 203 მლრდ კუბ მეტრი, მატება წინა წელთან 114%;
4. მანქანები და აღჭურვილობა – $32.6 მილიარდი, მატება წინა წელთან 16%;
5. შავი ლითონები – $28.9 მილიარდი, 44 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 164%;
6. დიზელი – $26.2 მილიარდი, 49 მილიონი ტონა, კლება წინა წელთან -30%;
7. ბენზინი – $22.9 მილიარდი, 59 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 197%;
8. შავი, ლითონები, (გარდა თუჯის, ფეროშენადნობებისა და ჯართისა) – $22.0 მილიარდი, 31 მილიონი ტონა, კლება წინა წელთან -60%;
9. ქვანახშირი – $17.6 მილიარდი, 211 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 201%;
10. ფოლადი – $9.2 მილიარდი, 15 მილიონი ტონა, კლება წინა წელთან -12%;
ბოლო ერთ თვეში ნედლი ნავთობის ფასი 8%-ით, 93 დოლარამდე გაიზარდა, რაც მათ შორის რუსეთის საექსპორტო შემოსავალსაც ზრდის. გუშინ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ გერმანიის მიერ Nord Stream 2-ის შეჩერება ევროკავშირის ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასის მკვეთრ ზრდას და 1000 კუბური მეტრის 2000 ევრომდე გაძვირებას გამოიწვევს.
შოთა ტყეშელაშვილი, “ბიზნესმედია”