რუსთავი2-ის ეთერში, პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ არის მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან რამე ტიპის თავდასხმა საქართველოზეც, ასე პასუხობს:
“ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვუკეთებთ რა ანალიზს ჩვენ რეგიონში არსებულ სიტუაციას, არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება, საფრთხე უკვე განხორციელდა ჩვენ ქვეყანაში 2008 წელს, როდესაც გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი, ომი, რომლის თავიდანა აცილებაც ვერ მოახერხა წინა ხელისუფლებამ და რომლის შედეგია სოხუმის და ცხინვალის აღიარება, კოდორის ჩაბარება, ოკუპაცია, რომელიც გრძელდება, ყველაფერი არის იმ ომის შედეგი, რომელიც ვერ იქნა მაშინ აცილებული. დამატებით საფრთხეს დღეის გადმოსახედიდან ვერ ვხედავ.
მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავიხსენო რამდენიმე დღის წინ კონდოლიზა რაისის ინტერვიუ, რომელიც “CNN”-ის ეთერში გავრცელდა, სადაც ის ახსენებს, რომ ამერიკის მთავრობა იმ დროინდელ პრეზიდენტს, სააკაშვილს არწმუნებდა, რომ რუსეთი აპირებდა ომს და სააკაშვილს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ამის თავიდან ასაცილებლად. სხვა ამერიკელი მეგობრების კომენტარებიც მახსოვს, წამიკითხავს და ჩვენს საზოგადოებას ახსოვს, რომ 2008 წელს ომი არ იყო გარდაუვალი, ანუ ამ ომის აცილება სავსებით შესაძლებელი იყო. ჩემთვის სახელმძღვანელო ის კაპიტულანტური, მოღალატეობრივი დოკუმენტი, რეზოლუციის ტექსტია, რომელზეც სააკაშვილის დავალებით მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა, სადაც ნათლად, შავით თეთრზე წერია, რომ სამხედრო მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემ. წარმოიდგინეთ, როგორი მოღალატეობრივი ქმედება ჩაიდინეს. ამ ყველაფერზე ხელი სააკაშვილის ხელისუფლებამ მოაწერა. ახსნა არ აქვს ამას. ჩემთვის და ჩვენთვის მთავარი შედეგია. იქ ხალხი დაიღუპა, ჩახოცეს ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ჩააბარეს კოდორი, ასობით სოფელი და რაც მთავარია, ამ ყველაფერს, გაუთვლელ პროვოკაციას აღიარება მოჰყვა, რომელსაც ბუნებრივია, პროვოკაციით უპასუხეს და ამ ყველაფერს ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა”