ჟოზეფ ბორელის მორიგი განცხადება-შეშფოთება-მოწოდება გავრცელდა, უკრაინასთან დაკავშირებით

რუსეთის ინტერვენციის ფონზე ევროკავშირი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და ასევე საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას უდასტურებს. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.

„ევროკავშირი ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი ადასტურებს თავის მხარდაჭერას, გააძლიეროს უკრაინის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის, მათ მიერ დემოკრატიულად არჩეული ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების გვერდით. ევროკავშირი ასევე ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უკრაინაში არაპროვოცირებულ შეჭრას. ასევე, გმობს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში და მოუწოდებს მას, დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები.

ჩვენ მოვითხოვთ პრეზიდენტ პუტინისგან, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსული სამხედრო ოპერაცია და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ აგრესიის აქტზე და ყველა ნგრევასა და ადამიანის გარდაცვალებაზე. ის პასუხს აგებს თავის ქმედებებზე“, – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ევროკავშირის პასუხი ტრანსატლანტიკურ და თანამოაზრე პარტნიორებთან კოორდინირებით მოიცავს, როგორც სექტორალურ, ისე ინდივიდუალურ შემზღუდავ ზომებს.

1ტვ.გე