საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
ეს განცხადება ღარიბაშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან გააკეთა.
„საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან, აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობად. შესაბამისად, მე როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით, ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით,“ – ამბობს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა ის უკრაინაში ჩავიდეს. მას შეახსენეს, რომ 2008 წლის დროს, უკრაინის ლიდერები საქართველოში იმყოფებოდნენ – „უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის, არაფრისმომცემი არ არის“.
დამატებით ჩაკითხვაზე, ხომ არ ჩავა ის კიევში სოლიდარობის გამოსახატად, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ სოლიდარობა „ჩვენ, როგორც შეგვიძლია გამოვხატეთ და ამის თაობაზე მოგახსენეთ,“. მანამდე მან დასძინა, რომ საქართველო უკრაინის მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად დაეხმარება.
„კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, თქვენ მოგეხსენებათ, რომ დახურული არის საჰაერო სივრცე, არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერები ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია,“ – ამატებს ის.
ამ დროისთვის, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, ათ შორის, აშშ-მ განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.