“თელასში” აღმოჩენილი დარღვევების მასშტაბი საკმარისია კომპანიის დასაჯარიმებლად – ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კომპანია “თელმიკოსა” და “თელასში” შემოწმებაზე 3 თებერვალს შევიდა. მიზეზი სემეკ-ში მოქალაქეების 100-მდე შესული განცხადება გახდა, სადაც აბონენტები ამბობდნენ, რომ მათ ელექტროენერგიის არაადეკვატურად გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ.


როგორც დღეს BM.GE-სთან დავით ნარმანია აცხადებს, დღეს დასრულდება “თელასისა” და “თელმიკოს” შემოწმების ანგარიშის მომზადება და ის დღის ბოლოს უკვე მზად იქნება. მისი თქმით, ძირითადად, დარღვევები კომპანია “თელასშია” აღმოჩენილი, რაც სემეკს მათი დაჯარიმების საფუძველს აძლევს.

“სამუშაო ჯგუფი დღეს ასრულებს “თელასისა” და “თელმიკოს” შემოწმების შესაბამისი ანგარიშის მომზადებას. მომდევნო კვირას კომისია ფიქრობს, რომ მოვისმინოთ ანგარიში და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. დარღვევები არის ნამდვილად, ეს აღმოაჩინა სამუშაო ჯგუფმა. ჩვენ მიზეზების შესახებ ასევე ოფიციალურად მივწერეთ “თელასს” და ველოდებით მათგან არგუმენტაციას და პასუხებს. დღეს დღის ბოლოს იქნება ანგარიში წარმოდგენილი და შეგვეძლება დარღვევებზე ვისაუბროთ. ეს დარღვევები დაჯარიმების საფუძველს გვაძლევს, რაზეც კომისია იმსჯელებს. დარღვევები, ძირითადად, “თელასის” ნაწილში ფიქსირდება”, – აცხადებს სემეკის თავჯდომარე დავით ნარმანია.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის სხდომაზე მოქალაქეების განცხადებების საპასუხოდ კომპანია “თელასის” კომერციული დირექტორი ლაშა ანთაძე აცხადებდა, რომ სისტემურ პრობლემებს ადგილი არ ჰქონდა.

ამავე სხდომაზე სემეკის თავჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ კომპანიების დაჯარიმება დამოკიდებული იქნება დარღვევების მასშტაბებზე. ამასთან, გასულ წელს კომპანიები დაჯარიმდნენ და მიეცათ გაფრთხილებაც, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმები გასულ წელს გამოყენებული 75 და 50 ათას ლარიანი ჯარიმები გაორმაგდებოდა.