“ეს ეხებოდა გოგოს…” – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ბრალდებული ახალ დეტალებს ყვება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება, პროკურორის კითხვებს დღეს ბრალდებულები გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე პასუხობენ.
ეს პირველი პროცესია გახმაურებული მკვლელობის საქმეზე, როდესაც ბრალდებულები იკითხებიან.
გიორგი კავილაძემ უკვე მისცა ჩვენება. ის არის პირი, რომელიც “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილს მკვლელობამდე და მიმალვის პერიოდში მართავდა. კავილაძე ამბობს, რომ აკაკი ჭელიძემ მას 15 სექტემბერს უთხრა, რომ ნიკო კვარაცხელიასთან ჰქონდა საქმე და რომ კვარაცხელია გააფრთხილა [ჭელიძემ], კონკრეტულ გოგოსთან არ ჰქონოდა ურთიერთობა და ამას უკავშირდება საქმის გარჩევა.
კავილაძე ამბობს, რომ მკვლელობის დღეს არაფერი იცოდა. მისი მტკიცებით, აკაკი ჭელიძემ უთხრა, რომ კვარაცხელიასთან მხოლოდ შეხვედრა და საუბარი სურდა.
– “ორი კვირის წინ შევუთვალეო, ამ შეთვლამ შედეგი არ გამოიღოო და აქედან გამომდინარე უნდა შევხვდე და პირისპირ უნდა გავაფრთხილო ამასთან დაკავშირებითო. ეს ეხებოდა გოგოს და ამ გოგოსთან დაკავშირებით შევუთვალე, რომ თავი შეეკავებინა ამ გოგოსთან კომუნიკაციისგანო…
– გავიგე გასროლების ხმა, საერთოდ ვერ წარმოვიდგინე, რომ ჩვენთან შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული, გავიხედე სარკეში და ერთადერთი ნახევარ წუთში რაც დავინახე, იყო, რომ მანქანისკენ გამორბოდა, ჩაჯდა და ჩქარა წადი აქედანო, იყო ანერვიულებული, მეც დავიძარი, რა მოხდა, რა მოხდა, ვეკითხებოდი და ბოლოს მითხრა, რაც მოხდა, მოხდაო” – ყვება კავილაძე სასამართლო სხდომაზე.
გიორგი კავილაძის შემდეგ გამოიკითხება აკო ჭელიძე, რომელმაც ბრალდების საქმის მასალებით, ნიკო კვარაცხელია თბილისის ცენტრში ჩაცხრილა.
წყარო: newposts.ge