“ნუ ისაუბრებთ საზოგადოების სახელით” – წულუკიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს შენიშვნა და მითითება მისცა.
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე დღეს შენიშვნა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტსაც მისცა. ჟურნალისტმა მას კითხა, ხომ არ ფიქრობს, რომ ღარიბაშვილმა ქვეყნის სათქმელი უკრაინასთან დაკავშირებით, სხვა ფორმით უნდა გამოხატოს.
ჟურნალისტი: მესმის მთავრობის პოზიცია, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, იმ ფონზე, რა ფორმითაც აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებებს, ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ფარავს იმ დახმარებას… საზოგადოებაში ძალიან დიდ გაღიზიანებას იწვევს ის რეპლიკები, ის განცხადებები, რომლებსაც ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს მთავრობის სხდომაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ რაც არის ქვეყნის სათქმელი, ცოტა უფრო სხვა ფორმა უნდა მოუძებნოს მათ შორის პრემიერმა?
წულუკიანი ამ ყველაფერმა გააღიზიანა და ჟურნალისტს მითითება მისცა:
– “მე მესმის, რომ თქვენ ბრძანდებით საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ მოდით საზოგადოების სახელით ნუ ილაპარაკებთ, თქვენ დაეხმარეთ საზოგადოებას, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომ ის იყოს ობიექტურად ინფორმირებული, რომ მან შეძლოს გააკეთოს თქვენი დახმარებით სწორი ანალიზი, მაგრამ ნუ ისაუბრებთ საზოგადოების სახელით, იმიტომ, რომ საზოგადოების ნაწილები ვართ ჩვენც, ჩვენი ოჯახები, ჩვენი ახლობლები” – თქვა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის აზრით, საზოგადოებას რომ აქვს საშუალება რუსთაველის გამზირიდან უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადოს, პრემიერის და მთავრობის დამსახურებაა, რადგან ხალხი შიშის ქვეშ არ ცხოვრობს.
მინისტრმა “საზოგადოებრივ მაუწყებელს” მითითება მისცა, გაავრცელოს მოწოდება საზოგადოებისთვის – “ნურავის ნუ დააკომპლექსებინებთ თავს”.
წულუკიანის აზრით, ბოლო დღეებში მოქალაქეებზე “ბულინგი” მიდის, რომ თუ ის ქუჩაში არ გავა, სცენაზე არ იმღერებს, მეორეხარისხოვანი მოქალაქე იქნება.
წყარო: itv.ge