რამდენიმე თვე იდო ეგ სამიზნეები ჩემს მანქანაში, სომხეთში არაერთხელ ვარ ნამყოფი – კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ბრალდებული.
ახალი დეტალები 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში – დღეს განსასჯელის სკამზე მყოფმა ბრალდებულმა გიორგი კავილაძემ დანაშაულის მოტივებზე ისაუბრა. ბრალდებულის ჩვენებით, აკაკი ჭელიძემ ნიკო კვარაცხელია პირადი შურისძიების, გოგოს გამო მოკლა.
კავილაძე ადასტურებს, რომ ის რამდენჯერმე სომხეთში იმყოფებოდა, თუმცა არ თქვა რატომ. ერთ-ერთი ვერსიით, კავილაძემ კრიმინალური ავტორიტეტებისგან, ძმებ კაკულიებისგან სწორედ სომხეთში მიიღო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დავალება.
საქმეში გაჩნდა ახალი დეტალები საუბარია ე.წ. ტირის სასროლ ნიმუშებზე, რომელიც კავილაძის მანქანაში თვეების განმავლობაში ინახებოდა.
– “ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს იმის გარეშე გაფორმებული აქვს იარაღი თუ არა, შეუძლია, მივიდეს ტირში და შეუძლია ტირის მფლობელობაში არსებული იარაღებით ისროლოს. გეუბნებით, რამოდენიმე თვის განმავლობაში ეგ სამიზნეები იდო ჩემს მანქანაში. სომხეთში არაერთხელ ვარ ნამყოფი. მარტოც, ჩემს მეგობრებთან ერთადაც, მაგალითად, ბუსასთან ერთად 4-5 -ჯერ ვარ ნამყოფი” – ამბობს კავილაძე.
პროკურორი, გია შაიშმელაშვილი ამბობს, რომ კავილაძემ იცრუა და აკეთებს ყველაფერს, რომ მისი მუხლი ჯგუფურად განზრახ ჩადენილი მკვლელობა გადაკვალიფიცირდეს, როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
– “საქმის მტკიცებულებების მიხედვით, დღეს მოვისმინეთ ტყუილი. ბრალდებული ცდილობდა, მაქსიმალურად საქმის გარემოებებთან ახლოს ესაუბრა, მაგრამ ფაქტი იყო, პროცესის მიმდინარეობისას ტყუილის შენარჩუნება ვერ მოახერხა” – თქვა პროკურორმა.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შემდეგი სხდომა 7 მარტს ჩაინიშნა. სხდომაზე აკო ჭელიძე გამოიკითხება, რომელსაც ბრალდების მტკიცებით, კვარაცხელიას ესროლა.
წყარო: itv.ge