რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის ჩაკეტილია

რუსეთ–საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე თოვისა და ლიპყინულის გამო სატვირთოების მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

 

კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უწყების ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.