რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი რუსეთის ეკონომიკის რყევასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას პასუხობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პესკოვის თქმით, რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ დარტყმებს განიცდის, მაგრამ დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ ფეხზე დადგეს.
პესკოვი ამბობს, რომ „რუსეთი ფეხზე დგას“.
„ჩვენი ეკონომიკა სერიოზულ დარტყმებს განიცდის, მაგრამ რუსეთს დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ მყარად დადგეს. მიმდინარეობს სამუშაოები და ჩვენ ფეხზე ვდგავართ“, – აცხადებს პესკოვი.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიურ მოხსენებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „რუსეთის ეკონომიკა დიდ რყევებს განიცდის“. თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ყოველივე ამაზე პასუხისმგებელი ვლადიმერ პუტინია.
გარდა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა, პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაში საომარ მოქმედებაზე ისაუბრა. ჯო ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინის კონფლიქტი რუსეთს ბევრად უფრო სუსტს გახდის.