“საქართველო უნდა იყოს ძალიან ფრთხილად!” – მამუკა არეშიძე

“საქართველო უნდა იყოს ძალიან ფრთხილად! არსებობს სერიოზული ძალები, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა სურთ”.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასულიყვნენ. ამან საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა, რადგან, როგორც ცნობილია, სტრატეგიული შეკავების ძალებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს. ეს არის რიტორიკა თუ რეალური საფრთხე, ამის შესახებ ექსპერტი სამხედრო საკითხებში მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

– დღეს მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ არის. პუტინიც იქცევა ისე, როგორც სჩვევიათ რუსებს, რუსული ხასიათის დემონსტრირებას ახდენს. ცდილობს, შანტაჟის მეშვეობით შეაჩეროს მასზე ზეწოლა. თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ პუტინი და მისი მცირე გარემოცვა ისეთი ტიპის ადამიანები არიან, რომ შეუძლიათ ყველაფერზე წავიდნენ, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. პირადად მე არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა შანსი დაბალია, მათ იციან, რომ შესაბამის პასუხსაც მიიღებენ. ზოგადად, პუტინი ცდილობს, სტალინს დაემსგავსოს და, მის მსგავსად, კოლექტიური გადაწყვეტილებები მიიღოს. სინამდვილეში, სტალინის გადაწყვეტილება ერთპიროვნული იყო ხოლმე, უბრალოდ, სხვებსაც აიძულებდა ამაში მონაწილეობას და კოლექტიური გადაწყვეტილების ფორმატს ქმნიდა. ზუსტად ასე მოქმედებს პუტინიც, ამის ნათელი მაგალითი იყო უკრაინაში შეჭრა. არც ბირთვულ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას მარტო, ამასაც კოლექტიური გადაწყვეტილების სახეს მისცემს.

– ფიქრობთ, რომ პუტინი თავის მთავრობაში, სამხედრო მაღალჩინოსნებისა და, თუნდაც, ოლიგარქების მხრიდან წინააღმდეგობას არ წააწყდება?

– აუცილებლად წააწყდება წინააღმდეგობას. რუსეთის მმართველ რგოლში უკვე არსებობს ძალიან სერიოზული დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთი პირი აქვთ, ხედავენ, რომ უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან. საქმე ის არის, რომ პუტინის გარემოცვა გამოიყვანეს კომფორტის ზონიდან. უამრავ მათგანს ქონება, მათ შორის – უძრავი ქონებაც, უცხოეთში აქვს, რომელიც უკვე დაუყადაღეს, ასევე, გამოაძევეს მათი შვილები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან. ეს მათთვის გამაღიზიანებელიც არის და დამაფიქრებელიც. შესაბამისად, პუტინის გარემოცვაში უკმაყოფილება იზრდება და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ხალხი ატომური იარაღის გამოყენებას არ დაუშვებს.

– თქვენ ჯერ ომის დაწყების პირველ დღეებში თქვით, რომ რუსული არმიის არსენალში ბირთვული/ატომური იარაღის გარდა სხვა სახის იარაღიც არსებობს, რომელთა გამოყენებაც სავალალო იქნება უკრაინისთვისო. დღეისთვის რუსებმა უკვე გამოიყენეს კონვენციით აკრძალული არაერთი იარაღი, მათ შორის – “ვაკუუმური” ბომბიც. კიდევ რას უნდა ველოდო მათგან?

– კი ბატონო. მე ქიმიური იარაღი ვიგულისხმე, რომელიც ჯერ არ გამოუყენებიათ, მაგრამ არ არის გამორიცხული, გამოიყენონ. გარდა ამისა, ჯერ არ გამოუყენებიათ ფლოტის რესურსი. ხარკოვის ცენტრი კი დაანგრიეს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ოდესას რომ დაარტყას შავი ზღვის ფლოტმა. სხვათა შორის, რუსები ერთხანს ერიდებოდნენ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას, ახლა უკვე მიიტანეს იერიში. მე ყველაზე მეტად იმის მეშინია, მძიმე ბომბდამშენები არ გამოიყენონ.

– და თუ რუსეთი მის არსენალში არსებულ ყველა იარაღს გამოიყენებს, დასავლეთი მაინც სანქციებით შემოიფარგლება?

– რა თქმა უნდა, არა! ახლა არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. მხარეებმა საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ უკან დასახევი გზა არ დაიტოვეს. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ დაპირისპირების შემოქმედნი ფრონტის ორივე მხარეს არიან. ამაში ჩართულია პროპაგანდის საშუალებები, იდეოლოგიური მანქანა, დაზვერვა და სხვა. თავად უკრაინის ისტებლიშმენტშიც იყვნენ ადამიანები, ვისაც ძალის დემონსტრირება სურდა.

– დღეს არსებული მოცემულობის მიხედვით, ფრონტის ხაზზე უპირატესობა ვის მხარეს არის?

– რუსეთის გენშტაბს ის არ გამოუვიდა, რაც დაგეგმილი ჰქონდა – წერტილოვანი დარტყმებით წარმატების მიღწევა, უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული ძალების დეზორგანიზება. არ გამართლდა მათი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მოსახლეობის სერიოზული ნაწილი რუსეთის მხარეს გადმოვიდოდა. ასევე, არ გამართლდა მათი მოლოდინი დასავლეთის მხრიდან პასიურობასთან დაკავშირებით… უკრაინელებმა მონოლითური მიდგომის მაგალითი დადეს. სხვათა შორის, პუტინმა მოახერხა ის, რომ უკრაინელი ხალხი გაერთიანდა. ეს არ იყო ერთიანი ხალხი. ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებდა, რომ ამ ხალხში სხვადასხვაგვარი პოლიტიკური განწყობები იყო, მაგალითად, ოდესელები თავს უკრაინელებადაც კი არ მიიჩნევდნენ, ისინი თავიანთ თავს რუსებს ან ებრაელებს მიაკუთვნებდნენ. რა თქმა უნდა, ეს დასავლეთ უკრაინას არ ეხება, მაგრამ დასავლეთ უკრაინა არის ქვეყნის ერთი მეოთხედი. ახლა ყველა გაერთიანდა, მიაქციეთ ყურადღება დაღუპული გმირების გვარებს, ასევე, რადის იმ წევრთა გვარებს, რომლებიც ახლა თავგამოდებული უკრაინელები გახდნენ. ყველას რუსული გვარი აქვს. ნაცვლად იმისა, რომ რუსული სივრცის გაერთიანება მომხდარიყო, დიდი რუსეთის, “ბელოროსიის”, ანუ თეთრი რუსეთის და უკრაინის, ანუ მცირე რუსეთის გაერთიანების მცდელობამ აბსოლუტურად საწინააღმდეგო სახე მიიღო, იმდენად დიდი უფსკრული გაჩნდა, რომ უკვე შეუძლებელია ამის გაკეთება უახლოეს მომავალში.

– ე.ი უკრაინა-რუსეთის ომმა უკრაინელი ხალხი გააერთიანა, თუმცა ჩვენთან ეს ამბავი კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი გახდა.”

– დაპირისპირება, ხომ, ქართული პოლიტიკის წესი გახდა. იმდენად კომიკურ ვითარებაში ვიგდებთ თავს, რომ ამაზე მეტი აღარ შეიძლება. ოპოზიციაზე აღარაფერს ვამბობ, გასაგებია, რასაც წარმოადგენენ, მაგრამ მთავრობას მეტი გონიერება მართებს. ნუთუ ვერავინ აცნობიერებს, რა დიდი ხიფათის წინაშე ვდგავართ? არსებობენ ძალები, რომლებსაც საქართველოს კონფლიქტში ჩათრევა უნდათ. მე ამ ძალებში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვგულისხმობ, ყოველ შემთხვევაში, ამ საქმეში ისინი პაიკები არიან. ეს ძალები უკვე „სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს“ პრინციპით მოქმედებენ.

– რა ძალებს გულისხმობთ?

– არ მინდა დაკონკრეტება, მტერსაც ვგულისხმობ და მოყვარესაც. ამ ძალებისთვის მომგებიანი იქნება, თუ რუსეთს საქართველოში მეორე ფრონტს გაუხსნიან. სხვათა შორის, ეს რუსეთისთვისაც მომგებიანია. ბოლოსდაბოლოს ერთი დარტყმით მოაგვარებს ყველაფერს, მაინც დისკრედიტირებულია უკვე. ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ნაბიჯს ვხედავ, მაგალითად, მოხალისეების ამბავში ძალიან მკვეთრად ჩანს პროვოკაციული შემადგენელი. საბრძოლველად მომართული ბიჭები შეიძლება აზრზეც კი ვერ მოვიდნენ, ისე იქნენ გამოყენებულნი პროვოკაციისთვის. ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების მხრიდან მეტი მოქნილობა და მეტი დაფიქრებაა საჭირო.

– როგორ წარმოგიდგენიათ, როგორია ამ პროცესის გაგრძელება, დარჩება თუ არა საბოლოოდ რუსეთი მოგებული იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინაში მიზანს მიაღწევს?

– ჩემი ვერსიით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ უკრაინელებმა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ ბრძოლისუნარიანობა, რომ საბოლოოდ რუსეთი დამარცხდეს. ნახეთ, ბოლო დღეებში 80 000 მამაკაცი შევიდა უკრაინაში. სხვათა შორის, ეს ხალხი – ზოგი მატარებლით შევიდა, ზოგი ავტობუსით, ზოგი მანქანით, ზოგი ფეხით და ზოგი კიდევ… ამიტომ გითხარით, საქართველოდან მოხალისეების წასვლას პროვოკაციის შემადგენელი ჰქონდა-მეთქი. რა ჩარტერულ რეისს ითხოვდნენ?! წასულიყვნენ ისე, როგორც სხვები. რის ჩარტერი, რა ჩარტერი, ხალხმა მანქანები, მოტოციკლები გაყიდეს და ისე გადავიდნენ. ე.ი. ბოლო ხანებში უკრაინამ ძალიან დიდი დახმარება მიიღო ცოცხალი ძალის თვალსაზრისით, დღეს ამ ძალის გადამზადება ხდება შესაბამის სტრუქტურებში. კარტის ბოლომდე გახსნა არ მინდა, იმიტომ, რომ ამ სტატიებს სხვებიც კითხულობენ. ერთი სიტყვით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ უკრაინა არ დაეცეს. ეს ომი არ დამთავრდება უახლოეს მომავალში, თუ რამე საოცრება არ მოხდა. ერთ საკითხზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბრძოლა მაინც არ წყდება, რაც იმას მიუთითებს, რომ ერთი მხარე ჩქარობს, მეორე მხარე დროის გაყვანას ცდილობს. რუსეთს ხანგრძლივი ომის რესურსი არ აქვს, არც ეკონომიკური და არც ტექნიკური თვალსაზრისით, ხალხი – კი ბატონო, შეუძლიათ მილიონი ჯარისკაცი კიდევ გამოიყვანონ.

– ტექნიკური რესურსი რომ აღარ აქვთ, ეს რუსი ჯარისკაცების ჩაცმაზე, შეიარაღებასა და კვებაზეც აისახება.

– კი ბატონო, უკვე კურსანტები გამოიყვანეს, სამარცხვინოა! უბრალოდ, მე იმის თქმა მინდა, რომ საქართველო უნდა იყოს ძალიან ფრთხილად! არსებობს სერიოზული ძალები, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა სურთ, რათა რუსეთის აგრესორობას კარგად გაესვას ხაზი. ამ ძალების ამოცანა ასეთია – ერთი მხრივ, პუტინის, მეორეს მხრივ კი – ზელენსკის განადგურება.

წყარო: newposts.ge