პაპუაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლასთან დაკავშირებით ბიუროზე მიღებული გადაწყვეტილება განმარტა

ბიუროზე გამოითქვა აზრი, რომ პრეზიდენტი მოხსენებით შემდგომ სასესიო კვირაში წარდგეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან აღნიშნულ საკითხზე ბიუროზე მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განმარტა.

„იყო დისკუსია და საბოლოო ჯამში, ბიურომ მხარი არ დაუჭირა პარლამენტის პლენარული სხდომის ჩანიშვნას. ზოგადად, იცით, რომ ხვალ სხდომა არ იმართება და ბიუროს გადაწყვეტილებაა საჭირო. საბოლოო ჯამში, ბიუროზე სხდომის ჩანიშვნის მომხრე არავინ იყო.

როგორც იცით, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება თებერვალში, პირველივე პლენარულ სხდომაზე იმართება. თუმცა, რაც შეეხება თავად თარიღს, კანონმდებლობის შესაბამისად, ეს პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსულტაციის შედეგად უნდა განისაზღვროს. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა, რომ ეს თარიღი 5 მარტი ყოფილიყო, ნახეთ, პარლამენტის ბიურო არ დაეთანხმა. გამოითქვა აზრი, რომ შემდგომ სასესიო კვირაში მოხდეს პრეზიდენტის მოხსენების წარმოდგენა. ეს გახლავთ შეთავაზება პარლამენტის მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მოხსენების მოსმენა პარლამენტში მნიშვნელოვანია, თუმცა შესაძლოა, დიდად მნიშვნელობა არ ჰქონდეს, იქნება ეს 5 მარტს თუ 15 მარტს.

 

“იმედინიუსი”