ნატომ იცოდა, რომ ახალი დარტყმები გარდაუვალია და შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის თავზე ცის არდახურვის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალი სუსტი აღმოჩნდა.

„დღეს ნატოს ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას, რადგან უარი თქვა არასაფრენი ზონის გამოცხადებაზე. ნატომ იცოდა, რომ ახალი დარტყმები გარდაუვალია და შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის თავზე ცის არდახურვის შესახებ. ეს იმათი თვითჰიპნოზია, ვინც სუსტია და თავის თავში დარწმუნებული არ არის. მივიჩნევთ, რომ ნატოს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ უკრაინის თავზე ცის დახურვით ნატოს წინააღმდეგ რუსეთის პირდაპირ აგრესიას გამოიწვევენ. ეს თვითჰიპნოზია. დღეიდან, ხალხი თქვენ გამო, თქვენი სისუსტის გამო დაიღუპება. ერთადერთი, რაც დღეს ალიანსმა შეძლო, თავისი შესყიდვების სისტემის მეშვეობით უკრაინას 50 ტონა დიზელი გამოუყო. ალბათ იმისთვის, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი დავწვათ, თუმცა ეს მემორანდუმი ჩვენთვის რუსული ჯარების ცეცხლში უკვე დაიწვა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ნატოს მოკავშირეებმა უარი თქვეს უკრაინის მოთხოვნაზე არასაფრენი ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ მხარდაჭერას აძლიერებენ, თუმცა ალიანსის უფრო ფართო ჩარევა კიდევ უფრო სასტიკ ომს გამოიწვევს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოსა და დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინის ცა არასაფრენ ზონად გამოაცხადონ, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების საჰაერო დაბომბვის ფონზე.