“ახლა არ არის დრო, რომ არახამია პერსონა ნონ გრანტად გამოვაცხადოთ, თუმცა აუცილებლად იმსახურებს” – ლევან ნიკოლეიშვილი

„ქართველებს, ხელისუფლების შეცვლაზე რუსულად ელაპარაკებიან!“ – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის” ლიდერის, დავით არახამიას მიმართვას, რომელიც არახამიამ ქართველი ხალხისათვის გაავრცელა.

ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსის მიერ ამ ვითარებაში მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

„ვინ არის ბატონი არახამია, არც ვიცი და წესით არც უნდა მაინტერესებდეს, მაგრამ უცხო ქვეყნის, უკრაინელი პოლიტიკოსი, როგორც ამბობენ გავლენიანი, ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტის კარზე საკმაოდ მიღებული, გააფთრებული საომარი მოქმედებების დროს ჩვენთვის ჩვენთვის საქართველოსთვის, იცლის, ცოტა დამაფიქრებელია!

მე, ეს ადამიანი ან სანგარში მგონია, რომელიც აგრესორ რუსებს უწევს მედგარ წინააღმდეგობას, ან მოლაპარაკებებზე, რომ იქნება რამენაირად ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს, და ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილს გადაარჩინოს, ან პრეზიდენტ ზელენსკის უნდა აძლევდეს გონიერ და რაციონალურ რჩევებს. თურმე სად ხარ, ქართველ ხალხს მიმართავს თქვენს ხელისუფლებასთან გაერკვიეთო,“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი და არახამიას მიმართვის გარშემო რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

„დიდის ამბით, რომ ამბობს ქართველი ვარო, ბრიტანეთის პრემიერმა მიმართა რუს ხალხს მათთვის მშობლიურ ენაზე და არახამია, ქართველებს ქართულად ვერ ელაპარაკება? სიმბოლურია არა, ქართველებს ხელისუფლების შეცვლაზე და გარკვევაზე ისევ რუსულად ელაპარაკებიან, ამჯერად უკრაინიდან!

• თავის დროზე აფხაზეთიდან,ლტოლვილს, სასურველი იქნებოდა თუ თავიდანვე არა, რაღაც ეტაპზე ქართული ესწავლა, ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ არც სჭირდებოდა და არც უნდოდა, ფული რუსულადაც იშოვებოდა !

• საქართველოს რაც, შეუძლია, ისე ეხმარება უკრაინას დაწყებული ჰუმანიტარული ტვირთებიდან, ლტოლვილების მიღებიდან, თუნდაც იმ მოხალისეებით დამთავრებული, და არახამია და მისნაირები ბოლოს რუსეთთან რაზე და როგორ შეთანხმდებიან, ისევ ნატოს და ევროკავშირის გზას აირჩევენ , თუ ნეიტრალიტეტზე შეთანხმდებიან, თუ უკრაინას გაყოფენ, ჩვენ არ ვიცით, და მიუხედავად ამისა, რუსებს ჩვენ უნდა გაუხსნათ მეორე ფრონტი? რატომ არახამიას და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ უნდა იმიტომ?

• მეგობრობას და ძმობას, რომ გვეფიცებიან თუ კი ვინმე საქართველოში სერიოზულ საქმეზე ძებნილია, უკრაინის ხელისუფლებას რატომ ჰყავს შეფარებული?

• ისიც საკითხავია, 2008 წლის ომის დროს ვინც საქართველოს ხელისუფლებაში, იყო ყველა რომ მრჩევლებად გყავთ უკრაინაში, რაში გამოგადგათ? ცოტა უცნაური ხომ არ არის, ისე მაინც ეკითხათ ვინმესთვის ამ მათ დროს საქართველომ ომი მოიგო თუ წააგო?!

• პოლიტიკაში მყოფ არახამიას, წარმოშობით ქართველს, აფხაზეთიდან ლტოლვილ ოჯახის შვილს, რუსეთის აგრესიის ქვეშ მყოფ ადამიანს წესით კი უნდა ესმოდეს უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევა რას ნიშნავს, მით უმეტეს გადატრიალების მოწოდების მცდელობა და ხელისუფლებასთან გარკვევა, მეტს კი არაფერს არ აკეთებს უკრაინაში ვლადიმერ პუტინი?!

• არახამიას, შეიძლება დიდ ფული აქვს ნაშოვნი უკრაინაში და ამით შეძლო მაღალ სახელისუფლებო შტოებში მოხვედრა, მაგრამ პოლიტიკური ალღო, რომ ღალატობს მის ამ ვიდეო მიმართვაში ნათლად ჩანს. ჩვენ განვიცდით და თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, მშვიდობა გვინდა იყოს უკრაინაში, ღმერთს ყოველდღე ამას შევთხოვთ. ახლა არა არის დრო, რომ არახამია პერსონა ნონ გრანტად გამოვაცხადოთ, თუმცა აუცილებლად იმსახურებს, მეტი რაღა უნდა გააკეთოს?!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

მისი თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენს საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპი, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, „დანაშაულის ტოლფასია.“

„ისე თუ მიაქცევთ, ყურადღებას, ჩვენს საზოგადოებაში, ნელ-ნელა გაჩნდა სტერეოტიპი- ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, და უკრაინელ ხალხს, ხელისუფლებას უფრო და უფრო არ ახსენებენ მათი უპასუხისმგებლო განცხადებების გამო! ასევე მიუღებელი კი არა, დანაშაულის ტოლფასია, თითოეული ადამიანის, მით უფრო მედია საშუალების საქციელი რომელიც ამ მიმართვას ავრცელებს და იწონებს-ადამიანი იმის მაგივრად, რომ ახლა ან ავტომატით სანგარში უნდა იყოს, რომელიც აგრესორ რუსებს მედგარ წინააღმდეგობას უწევდეს, ან დღედაღამ მოლაპარაკებებზე იყოს, რომ იქნება რამენაირად ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს, და ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილს გადაარჩინოს, ან პრეზიდენტ ზელენსკის უნდა აძლევდეს გონიერ და რაციონალურ რჩევებს, დამდგარა და იაფფასიან ვიდეო მიმართვებით ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების შეცვლას მოგვიწოდებს. და ეს ვინმეს საქართველოში მოსწონს?! უკრაინის საკითხი მოგვარდა? დაბომბვა შეწყდა? ცა ჩაიკეტა? ხალხი აღარ იხოცება? პუტინმა კაპიტულაციაზე ხელი მოაწერა? უკრაინას მიხედეთ, უკრაინას!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ცნობისათვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის” ლიდერმა დავით არახამიამ საქართველოს მოსახლეობისათვის ვიდეომიმართვა გაავრცელა. „გთხოვთ, ქართველო ხალხო, მე მჯერა თქვენი, გაარკვიეთ საქმე თქვენს მთავრობასთან, გადაწყვიტეთ ეს საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვისურვებდით, ასეთი ღალატი და ზურგში დანა გვენახა ქართველი ხალხისგან,“- ნათქვამია მიმართვაში.