უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინული მხარე მადლიერია იმ განმარტებების, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოსთვის რძის პროდუქტების ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით გააკეთა.
ანდრეი კასიანოვმა ასევე ხაზი გაუსვა რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოების დაუშვებლობას და აღნიშნა, რომ ეს რუსეთს დამატებით რესურსებს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ “სისხლისმღვრელი ომის” გასაგრძელებლად.
„რაც შეეხება ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ცალკეულ ასპექტებს, მინდა, ხაზი გავუსვა ერთ მომენტს, მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება საკუთარ განცხადებაში ამ ინფორმაციაზე, ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად. მადლობლები ვართ იმ განმარტებების, რომლებიც გასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი სპეკულაციისგან და ხაზს ვუსვამთ რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოების დაუშვებლობას, რაც რუსეთს დამატებით რესურსებს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ სისხლისმღვრელი ომის გასაგრძელებლად. მიღებული მოგება კი მოკლული უკრაინელების სისხლით არის გაჟღენთილი“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.