შეურაცხმყოფელი არის კითხვაც კი, რომ რუსეთთან რაღაც ფარული მოლაპარაკებებია

მამუკა მდინარაძე – შეურაცხმყოფელი არის კითხვაც კი, რომ რუსეთთან რაღაც ფარული მოლაპარაკებებია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რუსეთთან ფარული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის იური შვეცის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ კრემლთან საიდუმლო მოლაპარაკებები აწარმოეს.

„შეურაცხმყოფელი არის კითხვაც კი, რომ რაღაც ფარული მოლაპარაკებებია. მითუმეტეს, როდესაც საუბარია იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, რაღაც ფარულ მოლაპარაკებებზე, თუნდაც ამ სფეროში, საუბარი ზედმეტია. წინა დღეებშიც გავრცელდა მსგავსი ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ომის პარალელურად რაღაც მოლაპარაკებები განახლდა, ან ხორციელდება. 2020 წელს გაგზავნილი წერილზე პასუხი, რატომღაც ახლა გასცეს რუსეთის შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა. არანაირი მსგავსი არ ხდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამ საკითხზე აბსურდული განცხადებები ვრცელდება.

ცნობისთვის, КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი იური შვეცი საკუთარ YouTube არხზე აღნიშნავს, რომ რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა, კრემლთან აწარმოეს საიდუმლო მოლაპარაკებები, რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის მოსკოვის მიერ გვერდის ავლასთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, “საუბარია იმაზე, რომ, მაგალითად, თბილისი გახდეს რუსეთიდან საჰაერო გადატვირთების ჰაბი“.

წყარო: ptn.ge