შეწყვიტე სისხლისღვრა – იანუკოვიჩი ზელენსკის

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც ხელისუფლებას მაიდანის მოვლენების შემდეგ ჩამოშორდა, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და „სისხლისღვრის შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება“ მოსთხოვა.

იანუკოვიჩის განცხადება რუსულ მედიაში გავრცელდა.

„მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც პრეზიდენტს და ცოტა მამაშვილურადაც. ვოლოდიმერ ალექსანდროვიჩ, შენ შეიძლება ოცნებობ ნამდვილ გმირად გახდომაზე, მაგრამ გმირობა არ არის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე“, – მიმართავს იანუკოვიჩი ზელენსკის.

„მე ძალიან კარგად მესმის, რომ შენ ბევრი მრჩეველი გყავს, მაგრამ პერსონალურად შენ გევალება, რომ შეწყვიტო ეს სისხლისღვრა და მიაღწიო სამშვიდობო შეთანხმებას ნებისმიერ ფასად. უკრაინაში, დონბასსა და რუსეთში შენგან ამას მოელიან. უკრაინელი ხალხი და დასავლელი პარტნიორებიც კმაყოფილი იქნებიან“, – აცხადებს იანუკოვიჩი გავრცელებულ წერილში.

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინიდან გაქცევის შემდეგ, რუსეთში ცხოვრობს.

 

“ნეტგაზეთი”