პოლიციელებს ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილს აყრიან და „კეტჩუპს“ ასხამენ, ამას არასდროს ვაპატიებთ

შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური – არანორმალური საქციელია, როცა პოლიციელებს ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილს აყრიან და „კეტჩუპს“ ასხამენ, ამას არასდროს ვაპატიებთ,

ეს ადამიანები მკაცრად დაისჯებიან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პირები, რომლებმაც სამართალდამცავებს მთავრობის ადმინისტრაციასთან ფქვილი შეაყარეს და „კეტჩუპი“ შეასხეს, მკაცრად დაისჯებიან. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პოლიციელების შეურაცხყოფა არავის ეპატიება. „ეს არის ძალიან ცუდი შემთხვევა, სამწუხაროდ. ეს არის მიუღებელი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, რომლებიც ვაჟკაცურად დგანან და ითმენენ. ისინი 3-4 დღე გარეთ არიან იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება დაიცვან. ისინი დგანან იქ და უკაცრავად, მაგრამ ტუალეტის ქაღალდებს და ფქვილს აყრიან და „კეტჩუპს“ ასხამენ თავზე. ეს არის ყოვლად მიუღებელი. არც ვიცი, ამას რა დავარქვა. ეს არის ძალიან არანორმალური საქციელი. ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან კიდეც მკაცრად. ყოველთვის ასე იქნება და ამას არასდროს ვაპატიებთ“, – განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, 2 დღის წინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებმა პოლიციას ფქვილი შეაყარეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, გიგა მაქარაშვილი, ნატა ფერაძე, ნოდარ რუხაძე და „სირცხვილიას“ სხვა წევრები. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვდნენ.