ვალდებულად მივიჩნევთ თავს, ყველანაირი რისკი ქვეყანას თავიდან ავაცილოთ – ჯუანშერ ბურჭულაძე.
ვალდებულად მივიჩნევთ თავს, ყველანაირი რისკი ქვეყანას თავიდან ავაცილოთ – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება სანქცირებას, ყოველდღიურ რეჟიმში მსჯელობენ იმ საერთაშორისო ინსტიტუციებზე, რამაც შეიძლება, გავლენა იქონიოს საქართველოზე და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებენ.
– „ჩვენი პრემიერის და გუნდის გაცხადებული პოლიტიკა არის საქართველოზე ზრუნვა, ჩვენი ორიენტირი არის ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვალდებულად მივიჩნევთ თავს, ყველანაირი რისკი, რაც შეიძლება, ახლდეს ჩვენს ქმედებას, უნდა ავაცილოთ თავიდან ჩვენს ქვეყანას.
რაც შეეხება სანქცირებას და რა შეიძლება, მოყვეს, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში ვმსჯელობთ იმ საერთაშორისო ინსტიტუციებზე, რამაც შეიძლება, გავლენა იქონიოს ჩვენს ქვეყანაზე და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“ – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ამასთან, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო აორგანიზებს უკრაინაში გასაგზავნ ჰუმანიტარულ დახმარებას.
„ერთი თვითმფრინავი გაიგზავნა, მეორე მზად არის“, – დასძინა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძე უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნავს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები იკრიბებიან პრემიერთან, განიხილავენ იმ მოვლენებს, შესაძლო შედეგებს და რისკებს, რაც შეიძლება, უკრაინაში ომს მოჰყვეს.
– „რაც შეეხება უსაფრთხოების დოქტრინას, ჩვენ ვიმუშავეთ ჩვენი უწყების ნაწილზე ჩვენს პრტნიორებთან ერთად, ჩვენი ნაწილი არის ჩამოყალიბებული და უახლოეს მომავალში უსაფრთხოების საბჭოზე დავასრულებთ. გამოწვევა კლასიკურად რაც იყო, რა თქმა უნდა, იგივეა, უბრალოდ, არის გამძაფრებული, რეგიონში არის ომი, ინტერვენცია ჩვენს თავზეც ვიწვნიეთ არაერთხელ. რა თქმა უნდა, ამ გამძაფრებული ფონზე გადავალაგებთ პრიორიტეტებს. საფრთხეების კლასიფიცირება არ შეცვლილა, შეიცვალა ინტენსივობა. ჩვენ საიდანაც ვხედავდით რისკებს, ისევ იქიდან ვხედავთ, უბრალოდ გამძაფრებულად. არ გვახასიათებს ღონისძიებების ჩატარება პიარის მოტივაციით. ჩვენ იგივე ფორმატში ფაქტობრივად ვიკრიბებით ყოველდღიურ რეჟიმში და ფორმალურად ჩატარების საჭიროება თუ დადგება, შევიკრიბებით“ – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
წყარო: ptn.ge