ბოლივიის არმიის ყოფილი სერჟანტი მარიო ტერან სალაზარი, რომელმაც 55 წლის წინ ლათინოამერიკელი რევოლუციონერი ერნესტო ჩე გევარა დახვრიტა, ხუთშაბათს გარდაიცვალა, იუწყება ტელეარხი Telesur.
გავრცელებული ინფორმაციით, 80 წლის ტერანი ბოლივიის ქალაქ სანტა-კრუზის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის სამი კვირის წინ გადაიყვანეს ფილტვების მრავალწლიანი პრობლემების გამო.
მარიო ტერა ნის სიკვდილი დაადასტურა გადამდგარმა გენერალმა ჰარი პრადომ — იმ ქვედანაყოფის ყოფილმა მეთაურმა, რომელმაც 1967 წელს ტყვედ აიყვანა ჩე გევარა.
ერნესტო ჩე გევარა 1967 წლის 8 ოქტომბერს ჩავარდა ტყვედ, როდესაც სასტიკ ბრძოლაში მისი პარტიზანული რაზმი განადგურდა. ჩეს ინტენსიური, თუმცა პრაქტიკულად უსედეგო დაკითხვების შემდეგ, ბოლივიის პრეზიდენტმა რენე ბარენტოსმა მისი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. მაშინ კუბელმა პოლიტემიგრანტმა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) თანამშრომელმა, ბოლივიის არმიის სრულუფლებიანმა მრჩეველმა ფელიქს როდრიგესმა, , რომელიც სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, ჩე გევარას დახვრეტა მარიო ტერანს დაავალა.
სერჟანტმა სალაზარმა დავალება უყოყმანოდ შეასრულა, ვინაიდან დაღუპულ მეგობრებზე შურისძიება სწყუროდა. თუმცა ათი წლის შემდეგ გაზეთ Paris Match-თან ინტერვიუში გამოტყდა, რომ ეს მის „ცხოვრებაში ყველაზე მძიმე მომენტი იყო“. ტერანმა ჩე გევარას ნახევრად ავტომატური შაშხანა M1 Garand-იდან ცხრა ტყვია ესროლა.