დასავლეთის ქვეყნებში ბენზინის ფასი, ანტირუსული სანქციების შედეგად, ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს საცალო ვაჭრობაში. სამაგიეროდ, რუსეთში შეინიშნება საცალო ფასების სტაბილიზაცია და მცირედი კლებაც კი.
რუსეთში ბენზინის ფასების საცალო კლება საბირჟო-საბითუმო ფასების კლებიდან გამომდინარეობს. 1-ლი მარტიდან 5 მარტამდე, სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ნედლეულის ბირჟაზე “აი-92” ბენზინის ფასი 11,6%-ით დაეცა, “აი-95”-სა კი – 9,6%-ით. დიზელის საწვავი დაახლოებით 12%-ით გაიაფდა. ფასების კლების ტენდენცია ბენზინსა და დიზელზე რუსეთში გრძელდება. საცალო ფასი 1 ლიტრ ბენზინზე რუსეთში საშუალოდ 52-55 რუბლის ფარგლებშია.
რაც შეეხება დასავლეთის ქვეყნებს, ევროკავშირის ქვეყნებში (მაგალითად, გერმანია და ბალტიისპირა ქვეყნები) ბენზინის საცალო ფასმა 2 ევროს 1 ლიტრზე გადააჭარბა (გერმანიაში დიზელის ფასმა ბენზინის ფასს გადაასწრო). შეერთებულ შტატებში კი 1 გალონში (დაახლ. 4 ლ.) მომხმარებელი უკვე 5 დოლარს იხდის, კალიფორნიის შტატში – 5 დოლარზე მეტს. აშშ საავტომობილო ასოციაციის ცნობით, ამერიკელების 59%-ისთვის 4 დოლარი გალონზე უკვე პრობლემას წარმოადგენს და მათ ავტომობილით გადაადგილებაზე თვითშეზღუდვების დაწესება მოუწევთ.
ამერიკაში ინფლაცია რეკორდულ მაჩვენებლებზე გავიდა. სამომხმარებლო ფასები (CPI) აშშ-ში თებერვალში 7,9%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ქვეყნის შრომის დეპარტამენტის მონაცემებით.
ინდიკატორი დაემთხვა ანალიტიკოსების პროგნოზს, რომელიც გამოკითხული იყო Bloomberg-ის მიერ და განახლდა მაქსიმუმი 1982 წლის იანვრიდან. ინფლაცია იანვარში 7,5%-დან დაჩქარდა.
ყოველთვიურად, CPI ინდექსი თებერვალში 0,8%-ით გაიზარდა, რაც ასევე ექსპერტების პროგნოზის დონეზე აღმოჩნდა.
ფასები სურსათისა და ენერგიის ღირებულების გარეშე (Core CPI ინდექსი) გასულ თვეში იანვართან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა, წლიური თვალსაზრისით კი ზრდამ 6.4% შეადგინა. ორივე ინდიკატორი დაემთხვა კონსენსუსის პროგნოზს.
ინფლაციის აჩქარება გამოწვეულია ენერგეტიკული ფასების მუდმივი ზრდით, ასევე მუშების დეფიციტით, გაზრდილი მოთხოვნით და გლობალური მიწოდების ჯაჭვებში შეფერხებით, აღნიშნავს Trading Economics.
გასულ თვეში ენერგეტიკული ფასი წლიური კუთხით 25.6%-ით გაიზარდა (იანვარში 27%-ით გაზრდის შემდეგ), მათ შორის ბენზინის ფასი 38%-ით (იანვარში +40%) გაიზარდა.
საცხოვრებლის ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა 4.7%-მდე 4.4%-დან, სურსათზე – რეკორდულ 7.9%-მდე 1981 წლის ივლისიდან იანვარში 7%-დან, ახალი მანქანებისთვის – 12.4%-მდე 12.2%-დან. მეორადი მანქანები და სატვირთო მანქანები 41.2%-ით გაიზარდა იანვარში 40.5%-იანი ზრდის შემდეგ.
იმავდროულად, უკრაინაში რუსული სამხედრო ოპერაციის მთავარი ეფექტი, რამაც ნავთობისა და გაზის ფასების ზრდა გამოიწვია, მხოლოდ მოგვიანებით გამოიხატება – და მხოლოდ დაამძიმებს ვაშინგტონის გადაწყვეტილებას უარი თქვას რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე, წერს Trading Economics. ადრე მოსალოდნელი იყო, რომ ინფლაცია პიკს მიაღწევდა მარტში და დაიწყებდა შემსუბუქებას, მაგრამ ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, სამომხმარებლო ფასების ზრდა მოსალოდნელზე დიდხანს დარჩება მაღალი.
აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ ყველაფრის მიზეზად ანტირუსულ სანქციებს აღიარებს:
„დღევანდელი ინფლაციის მონაცემები გვახსენებს, რომ ამერიკელების შემოსავლები დარტყმის ქვეშ არის ფასების ზრდის გამო… მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ამ თვეში ინფლაცია გამოიწვია, არის საწვავის ფასების ზრდა, ენერგორესურსები, რადგან ბაზრები რეაგირებენ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე“, – განაცხადა ბაიდენმა, ნათქვამია თეთრი სახლის მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
ბაიდენმა ასევე გაიხსენა, რომ თავიდანვე თქვა, რომ თავად ამერიკა იგრძნობდა მკაცრი სანქციების შედეგებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამით მაინც უფრო მეტად რუსეთი დაზარალდება.
გულბაათ რცხილაძე