აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ამერიკელებს, რომლებიც უკრაინაში მიემგზავრებიან და ომში უკრაინის ძალებთან ერთად იბრძვიან, რუსები განიხილავენ როგორც „დაქირავებულ მებრძოლებს“ ან უცხოელ მებრძოლებს, რაც მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის უფრო დიდ საფრთხეს ქმნის.
ნედ პრაისის თქმით, ომში უკრაინის სახელით ბრძოლის გამო, აშშ-ის მოქალაქეებს ასევე შეიძლება დაემუქროთ სისხლისსამართლებრივი დევნა, დატყვევება ან სიკვდილი, ხოლო აშშ ვერ შეძლებს უკრაინიდან მათ ნებისმიერ დროს ევაკუაციას.
„აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში მიემგზავრებიან, განსაკუთრებით იქ ბრძოლაში მონაწილეობის მიზნით, მნიშვნელოვანი რისკები ემუქრებათ, მათ შორის დატყვევების ან სიკვდილის ძალიან რეალური რისკი. აშშ-ს, როგორც მოგეხსენებათ, არ შეუძლია დახმარება გაუწიოს აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინიდან ევაკუაციაში, მათ შორის იმ ამერიკელების, რომლებმაც შესაძლოა გადაწყვიტონ უკრაინაში გამგზავრება მიმდინარე ომში მონაწილეობის მისაღებად“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინას კონსტრუქციული გზებით დაეხმარონ, ჰუმანიტარული დახმარების გაწევითა და სხვა საშუალებებით.
„კვლავ მოვუწოდებთ აშშ-ის მოქალაქეებს, უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე, არ გაემგზავრონ უკრაინაში. მოვუწოდებთ მათ, გამოიყენონ თავიანთი ენერგია უსაფრთხო, კონსტრუქციული, მოხალისეობრივი ან სამოქალაქო საზოგადოების აქტივობების განსახორციელებლად“, – განაცხადა ნედ პრაისმა.