სამართალდამცველებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით თბილისში 35 წლის მამაკაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სიახლოვეს მყოფთ აკვირდებოდა და იმახსოვრებდა მოქალაქეების მიერ გამოყენებული პლასტიკური ბარათის პინ-კოდებს.
უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ქმედებებით დაზარალებულ 14 მოქალაქეს 5 ათას ლარზე მეტი ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლით მიმდინარეობს.