კულტურის სფეროს 100-ზე მეტი წარმომადგენელი ეხმიანება კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის გათავისუფლებას და კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს წერილით მიმართავს.
ნეტგაზეთი წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„კულტურის სფეროში ბოლო პერიოდში მიმდინარე მტკივნეული პროცესების მიუხედავად, სრულიად მოულოდნელი და გამაოგნებელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის ვადამდელი გათავისუფლება მინისტრ თეა წულუკიანის მიერ.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი არის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შეიქმნა “ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” 2000 წლის 5 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე და ამოქმედდა 2001 წლის აპრილში.
ეროვნული კინოცენტრი წლების განმავლობაში დამოუკიდებლად განსაზღვრავს ქვეყნის კინოპოლიტიკას, მცირე დაფინანსების პირობებშიც კი ქართულმა კინომ სწორედ კინოცენტრის ძალისხმევით შეძლო თავის დამკვიდრება და ადგილობრივ თუ საერთაშორისო სივრცეში საინტერესო, მნიშვნელოვანი და წარმატებული ფილმებისა და პროექტების შექმნა. დღეს კინოცენტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ორგანიზაციაა, რომელიც დაარსებიდან ხელს უწყობს სახელოვნებო სივრცის განვითარებასა და პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად აფინანსებს არა მარტო ფილმებს, არამედ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ გამოცემებს, რომელიც კინოინდუსტრიის განვითარებასა და გაჯანსაღებას უწყობს ხელს.
დამოუკიდებელი, პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის მიუხედავად შემდგარი კომისიები სუბსიდირებისთვის არჩევენ ისეთ პროექტებს, რომლებიც განსხვავდებიან როგორც თემატურად, ასევე ასახავენ სხვადასხვა სოციალურ ძვრებს და რეაგირებას ახდენდნენ მნიშვნელოვან პროცესებზე.
ჩვენთვის გაუგებარია, რა გახდა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ვადამდე გათავისუფლების მიზეზი, რომელსაც ხელშეკრულებით ვადა 2022 წლის აპრილში გასდიოდა, ასევე, მისი ცილისწამება და სექტორის შანტაჟი პროკურატურის ხსენებით, აუდიტის იმ დასკვნაზე დაფუძნებით, რომლის საბოლოო ვერსიაც ჯერ არავის უნახავს. სამწუხაროდ, ეს დაუსაბუთებელი ბრძანება ხელს უშლის კონსტრუქციული კრიტიკის ჯანსაღ პროცესს პროფესიონალებს შორის, გვაფერხებს, რომ ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ ამ მნიშვნელოვან სფეროს და ვუპასუხოთ მის რეალურ საჭიროებებს. მაგრამ ამ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით და უპირატესობის მინიჭებით მიიღება, რთული იქნება კონსტრუქციულობის შენარჩუნება, რადგან ჩვენი, როგორც პროფესიონალების ყურადღება არასწორი მიმართულებით იფანტება და იხარჯება, ისევე როგორც კინოცენტრის თანამშრომლების და დირექტორის დრო დაიხარჯა 2021 წლის 22 აპრილს კინოცენტრში სამინისტროს აუდიტის შემოსვლის შემდეგ, რომლის პირველადმა დასკვნამ ხელმოსაჭიდი დარღვევები ვერ გამოავლინა.
ჩვენთვის გადამწყვეტია ამ ინსტიტუციის არსებობა და სექტორის ჩართულობით განვითარება, მისი მუშაობა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ევრიმაჟი, კინოორგანიზაციათა საერათაშორისო ქსელი, EFP – European Film Promotion, FNE – Film New Europe და სხვ.). თუმცა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კულტურის მინისტრის მოადგილის დანიშვნა გვაფიქრებინებს, რომ სამინისტროს სურს დამოუკიდებელი ინსტიტუციის დამორჩილება, გაკონტროლება და მისი სისტემური მოშლა, ერთგვარი ცენზურის დაწესება ჩვენს პროექტებზე, ფილმებსა და იდეებზე.
იმის მაგივრად, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელი შეეწყო ინდუსტრიის განვითარებისთვის, კინემატოგრაფისტების მოთხოვნის შესაბამისად გაეზარდა კინოინდუსტრიის მწირი დაფინანსება და მხარში დასდგომოდა მუნიციპალური კინოს დაარსების იდეას თუ სხვა მნიშვნელოვან პროცესებს, ის პირიქით, დესტრუქციულად მოქმედებს, თავს ესხმის, ანადგურებს და ხელს უშლის დამოუკიდებელი სფეროს და ინსტიტუციის გაძლიერებას, რომელსაც გარდამტეხი როლი აქვს, აფერხებს კინოს, როგორც მნიშვნელოვანი სახელოვნებო დარგის განვითარებას, და განხეთქილება შემოაქვს კოლეგებს შორის“, – ნათქვამია წერილში.
წერილზე ხელმომწერები პერიოდულად იზრდება. ამჟამად მას ხელს აწერს კულტურის სფეროს 113 წარმომადგენელი.