“გაათავისუფლეთ სააკაშვილი და მიეცით მთავრობას უფლება, საქართველო შეუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს”

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი და მიეცით მთავრობას უფლება, საქართველო შეუერთდეს დემოკრატიული სამყაროს მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

ამით ცოტათი მაინც გაირეცხებით იმ სირცხვილისგან , რაც ალბათ ისტორიას სამუდამოდ დარჩება,- ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ დეპუტატმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში გადაწყვეტილებებს რეალურად პრეზიდენტი და პრემიერები კი არა, ბიძინა ივანიშვილი იღებს, რომელმაც სანქციებზე უარის თქმით პუტინთან მეგობრობა არჩია.

„დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინისკენ და ეს ლოგიკურიცაა. ჩვენი, ქართველების მდგომარეობა ცოტა სხვაგვარადაა. ჩვენი ფოკუსი უკრაინისკენ გაჯერებულია საქართველოს მომავლის განცდით. ალბათ ეჭვი არავის შეაქვს, ამ დარბაზშიც კი, რომ რომ რუსულ-უკრაინულ ომში დღეს საქართველოს ბედიც წყდება.

ასე, რომ ბატონებო, ეს არ არის სხვის ომი. ეს ჩვენი ომია, ეს არის ომი სადაც ნათლად გამოჩდა, სამშობლოს წასართმევად მოსულ მტერს ბაბაია კი არ უნდა ეძახო, არამედ უკრაინელების მსგავსად, სამ სიტყვიანი კომბინაციით უნდა მიუთითო კუთვნილი ადგილი.

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს – გუშინ კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩდა, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი და პრემიერები კი არ იღებენ, არამედ იღებთ თქვენ და სწორედ, თქვენმა გადაწყვეტილებამ, რომელიც უაღრესად სამარცხვინოა, საქართველო მთელი მსოფლიოსგან დაგმობილ კოალიციასთან გააიგივა. დიახ, თქვენ სანქციებზე უარის თქმით პუტინთან მეგობრობა არჩიეთ.

დამერწმუნეთ, როგორც მორალურად, ასევე პრაგმატულად თქვენ წამგებიანი არჩევანი გააკეთეთ, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში პუტინი უკვე დამარცხდა. დრო თქვენს წინააღმდეგ მუშაობს და ამიტომ, ზედმეტი ლოდინის გარეშე, მიიღეთ ორი მთავარი გადაწყვეტილება: გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი – ვლადიმერ პუტინის ნომერ პირველი მტერი და უკრაინის დიდი მეგობარი. ის დღეს სჭირდება ანტიპუტინისტურ კოალიციას და მეორე – შეცვალეთ თქვენს მიერ ნაკარნახევი გადაწყვეტილება და მიეცით მთავრობას უფლება, საქართველო მიუერთდეს დემოკრატიული სამყაროს მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ამით ცოტათი მაინც გაირეცხებით იმ სირცხვილისგან, რაც ალბათ ისტორიას სამუდამოდ დარჩება.

და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ დღეს, კიევზე ნასროლი თითოეული რაკეტა თბილისზეა ნასროლი, და ომი რუსეთთან არც 2008 წელს დაწყებულა და არც 2008 წელს დამთავრებულა. ის ახლაც გრძელდება.

ისტორიას თავისი კანონზომიერება აქვს და მჯერა, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს!”- აცხადებს ბაჩუკი ქარდავა