1851 წელს,მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის უშუალო ინიციატივით და ძალისხმევით, თბილისში ოპერის თეატრი გაიხსნა – პირველი მთელ კავკასიაში. ვორონცოვის დახმარებით. რუსმა გრაფმა სოლოგუბმა და იტალიელმა იმპრესარიომ და დირიჟორმა ბარბიერიმ იტალიელი მომღერლები და მოცეკვავეები მიიწვიეს და თბილისი ევროპული კულტურის ოაზისად გადააქციეს.
ვორონცოვმა რუსი მსახიობი მიხაილ შჩეპკინი დაიქირავა და ქალაქს თეატრალური რეპერტუარიც გაუჩნდა. ვორონცოვი ქართველ დრამატურგებსაც ხელს უწყობდა, კომპლიმენტებს არ იშურებდა გიორგი ერისთავის მიმართ და მას “ქართველ მოლიერს” უწოდებდა. ვორონცოვის მხარდაჭერით და თანადგომით, გიორგი ერისთავმა დაარსა ჟურნალი “ცისკარი”, სადაც ქართველი ავტორების ნაწარმოებები იბეჭდებოდა. ოპერის თეატრს და ჟურნალ “ცისკარს” ვორონცოვი სახაზინო ბიუჯეტიდან და საკუთარი ჯიბიდან აფინანსებდა.
1850 წელს, მოსკოვში გარდაიცვალა საქართველოს უკანასკნელი მეფის – გიორგი მეთორმეტის მეუღლე, დედოფალი მარიამი.კ ავკასიის მეფისნაცვლის მიხაილ ვორონცოვის უდიდესი ძალისხმევით, ვიდრე მცხეთაში დაკრძალავდნენ, განსვენებულს წესი მოსკოვში ჩუდოვოს მონასტერში აუგეს, კუბო ბალდახინზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვსმა ჩინოვნიკმა დაასვენა, სამგლოვიარო პროცესიას კი სამღვდელოება, ქვეითი პოლკი და თორმეტი ქვემეხი მიჰყვებოდა. მცხეთაშიც არანაკლებ გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართა: ქვემეხებიდან 36- ჯერ გაისროლეს.
დედოფალმა მარიამმა 1803 წელს,რუსი გენერალი ლაზარევი ხანჯლით მოკლა,ის გაასახლეს რუსეთში და მონასტერში გამოკეტეს. სწორედ გრაფ ვორონცოვის უდიდესი დამსახურებით, ღირსეული პატივით იქნა დასაფლავებული მარიამ დედოფალი…..
ერეკლე მეორეს წერილის ფრაგმენტი,რომელიც მან გაუგზავნა რუსეთში გრაფ პანინს 1774 წელს: “ახლა თურქები, გველებივით პირდაფჩენილები, გარს გვარტყიან, სპარსელები მძვინვარე ლომებივით მოგვჩერებიან, ლეკები კი კბილებს ილესავენ, როგორც მშიერი მგლები”!!!
მეფე ერეკლე ეპოქალური გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდა: მან კარგად იცოდა, ეკატრინე მეორემ როგორ გაჰყო და გაანადგურა პოლონეთი, მაგრამ თავად ხელმწიფეც, გარსევან ჭავჭავაძეც, სოლომონ ლიონიძეც, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ტრაქტატის (იგულისხმება გეორგიევსკის ტრაქტატი) ხელმოუწერლობა არ იქნებოდა, ვინაიდან რუსეთი კავკასიას, შავსა და კასპიის ზღვებს მაინც აუცილებლად დაიპყრობდა. არ შეიძლებოდა, ქართლ-კახეთი გამარჯვებულის მხარეს არ ყოფილიყო. თანაც,რუსეთის გავლით ევროპის კარიც იხსნებოდა.
საქართველოს ისტორიის სწორედ ეს მძიმე და რთული პერიოდია აღწერილი გენიალური ნიკოლოზ ბარათაშვილის ბრწყინვალე პოემაში”ბედი ქართლისა”. პოეტი დიდი მხატვრული ოსტატობით გვიხატავს ერეკლესა და ლიონიძის გაჭირვებულ და გამოუვალ მდგომარეობას და მათ პაექრობას შთამბეჭდავად გადმოგვცემს.
აკაკი კარტოზია,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი