გერმანია ფინეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადს მიესალმება – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმამ განაცხადა, რომ გერმანია ფინეთის ნატოში გაწევრიანების ნებისმიერ ინტერესს მიესალმება.

ფინეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვაზე, დაუჭერს თუ არა გერმანია მხარს ფინეთს, თუ ფინეთი ალიანსში გაწევრიანებას გადაწყვეტს, ოლაფ შოლცმა უპასუხა, რომ ფინეთსა და ნატოს შორის თანამშრომლობა უკვე არსებობს.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აღნიშნულ საკითხს განიხილავს.

მან გერმანიასა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ ვლადიმერ პუტინის ომის დაფინანსება რუსეთიდან წიაღისეული საწვავის შესყიდვაზე უარის თქმით.

„ეს უნდა შეწყდეს. დარწმუნებული ვარ, გერმანია და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები სხვა გზების ძიებას ცდილობენ“, – აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.