ნანა კაკაბაძე: „ნაციონალები“ და მათი ლობისტები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას პროვოცირებენ

„ნაციონალები“ და მათი ლობისტები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას პროვოცირებენ! საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორუმზე დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი და რუსეთის მოქმედებების დამგმობი პოზიცია“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

კაკაბაძის თქმით, საქართველო თითქმის ერთადერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელთა საელჩოებსა და საკონსულოებს ბოლო მომენტამდე არ დაუტოვებიათ უკრაინის ტერიტორია.

ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ „ნაცების“ სურვილია საქართველომ გამოავლინოს უთავმოყვარეობა, წინდაუხედავობა და მისი ხელმძღვანელი ჩავიდეს კიევში.

„ნაციონალები“ და მათი ლობისტები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას პროვოცირებენ!
საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორუმზე (გაერო, ევროსაბჭო და ა. შ.) დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი და რუსეთის მოქმედებების დამგმობი პოზიცია.

ქვეყანაში იღებს და შეღავათებს უწესებს უკრაინელ ლტოლვილებს. უკრაინაში სისტემატურად აგზავნის ჰუმანიტარულ ტვირთს.

საქართველო თითქმის ერთადერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელთა საელჩოებსა და საკონსულოებს ბოლო მომენტამდე არ დაუტოვებიათ უკრაინის ტერიტორია.
აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და სხვა ქვეყნებმა ომის დაწყებამდე გაიყვანეს საელჩოები კიევიდან.

აღნიშნულმა და სხვა დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა ღიად განაცხადეს, რომ ხელს არ შეუწყობენ მათი მოქალაქეების უკრაინაში მოხალისეებად წასვლას.
ბევრმა ქვეყანამ (მათ შორის ისრაელმა) უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებაზე.
მიუხედავად ამისა,

იგეგმება და ხორციელდება, საქართველოს ხელისუფლების შავი პიარი, ვინაიდან ისინი არ უერთდებიან რუსეთის საწინააღმდეგო საერთაშორისო სანქციებს და ოფიციალურად არ მიესალმებიან ქართველი მოხალისეების უკრაინაში წასვლას (თუმცა არაოფიციალურად იქ ათასობით ქართველი მოხალისე იბრძვის) ამით ისინი დგანან თურმე აგრესორის მხარეს და აკეთებენ რუსეთის საქმეს.

ამას ნაცები და მათი უცხოელი ლობისტები (მათ შორის უკრაინაში) აკეთებენ ხმაშეწყობილად
გამოკვეთილია მიზანი, როგორმე საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი.

„ომის პარტიის“ იდეოლოგებს ახალი მიზეზი მიეცათ, ვინაიდან 3 ქვეყნის ლიდერები მორალური თანადგომის მიზნით გუშინ კიევში ჩავიდნენ, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ასეთი დემონსტრაციული ნაბიჯების გადადგმისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, ასეთ პირობებში საქართველოს პრემიერის არ ჩასვლა კიევში თურმე იქნება რუსეთისადმი ლოიალობის გამოხატულებაო.

სინამდვილეში ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, წაიყაროს თავზე ნაცარი, თვალი დახუჭოს საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზეც, საქართველოს მიერ ძებნილების უკრაინის ხელისუფლებაში დასაქმებაზეც, ათას შეურაცხმყოფელ განცხადებაზეც და ეახლოს შეურაცხმყოფელ ხელისუფალს.
მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან 190-ზე მეტი არც ჩასულა და ალბათ არც ჩავა კიევში.

„ნაცების“ სურვილია საქართველომ გამოავლინოს უთავმოყვარეობა, წინდაუხედავობა და მისი ხელმძღვანელი ჩავიდეს კიევში. „ნაცებისა“ და ლობისტებისთვის ყველა გზა მისაღებია („მიზანი ამართლებს საშუალებას“), მათი მიზანია, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს. იმედია, ისინი ვერ მიაღწევენ ბოროტ მიზანს“, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.