საქართველო-უკრაინის 30-წლიანი ურთიერთობები გვკარნახობს, რომ უკრაინასთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი არ გვამართებდა

არის თუ არა ევროპის მოსახლეობის ერთობ აგრესიული გამოხდომა რუსი მოქალაქეების წინააღმდეგ გასაკვირი? უდავოდ, არა. და რატომ? როდესაც ქვეყნის პოლიტიკა, საინფორმაციო წყაროების საშუალებით დღენიადაგ გტენის ცალმხრივ ინფორმაციას — “რუსი აგრესორები” ბომბავენ უკრაინის ქალაქებს, კლავენ ქალებს და ბავშვებს; ანგრევენ სამშობიარო სახლებს და ა.შ. ნებისმიერი ევროპელი თუ ამერიკელი, ამ ცრუ ინფორმაციას აყოლილი — სხვა ინფორმაციის მიღების საშუალება მათ წაართვეს, ანტირუსულად აინთება.

ჯანდაბას მათი თავი, — ვიტყვით ჩვენ, მაგრამ „ჯანდაბა“ რომ არ მოქმედებს და ჩვენი ხელისუფლებაც ამ გზას ადგას, მაშინ რა ვქნათ? ჩვენმა ხელისუფლებამაც გაგვითიშა რუსული ტელეარხები, ნამდვილი ინფორმაციის საშუალება მოგისპო. ნაცვლად გვასმენინებს ცრუ უკრაინულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსეთის არმიამ 12000 ჯარისკაცი დაკარგა და მასთან ერთად „დაპყრობილი“ ტერიტორიების ნაწილი; რუსეთის ხელისუფლებაში დიდი ჯახია; პუტინის დღეები დათვლილია; რუსეთის ეკონომიკა განადგურებულია; რუსეთი შიმშილობს და სხვა მსგავსი ტყუილები, რომელთა მიზანი მარტივია — რუსი მოსახლეობის ტვინის გამორეცხვა და საკუთარი ხელისუფლებისთვის რევოლუციის მოწყობა.

უკრაინული საინფორმაციო მანქანა, ბრიტანეთის პირმშოა, ამ უკანასკნელის შექმნილი და დაპურებული. რა არის რეალობა? რეალობა ისაა, რომ რუსეთის მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით, ის მხარს უჭერს პრეზიდენტ პუტინს — 75%. ანალოგიური გამოკითხვა, ოღონდ აშშ-ი გვაუწყებს პრეზიდენტ ბაიდენის პოპულარობის — 36,6%, რაც უნიკალურია აშშ-ს პრეზიდენტობის ისტორიაში, ანუ ძალიან დაბალი.

ახლა დავსვათ კითხვა — ვინ გაიმარჯვა საინფორმაციო ომში? დაინახავს ამ „გამარჯვებას“ საქართველოს ხელისუფლება? მეეჭვება და ამ ეჭვს მიძლიერებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პაპუაშვილის წერილი მისი უკრაინელი კოლეგისადმი, სადაც ჩვენი მხარის ზერევერანსული პოზიციაა ხაზგასმული.

არადა ბოლოდროინდელი (30-წლიანი) საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გვკარნახობს, რომ უკრაინასთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი არ გვამართებდა, არც თავის მართლებით, ვინაიდან, თუ ვინმეს აქვს თავი გასამართლებელი — ეს უკრაინაა, რომელმაც თავს ლაფი დაასხა საქართველოს ხელისუფლებას და კრიმინალი სააკაშვილი, მისი ასევე კრიმინალი თანაგუნდელები დიდსულოვნად შეიფარა უკრაინაში. და არათუ შეიფარა, არამედ მოქალაქეობაც აჩუქა, მაღალ თანამდებობებთან ერთად.

უკრაინას, როდესაც გვიჭირდა, ჩვენთვის არც ფული შეუგროვებია და არც მედიკამენტები ან კვების პროდუქტები, სხვას აღარ ჩამოვთვლი. ჩვენ კი რა გვჭირს? ნუთუ ვერ ვხვდებით, რომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების დახმარება — ფაშიზმის დახმარებაა? ნუთუ ვერ ვხვდებით, რომ უკრაინელი ფაშისტების გვერდში იარაღით დგომა, დამღუპველია არა მარტო უკრაინისთვის, არამედ თვით ევროპის, მსოფლიოს, საქართველოსთვის?

ვინ იფიქრებდა, რომ მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის განადგურებისა და ნიურნბერგის ტრიბუნალის შემდეგ, ფაშიზმი დაიწყებდა აღმოცენებას?

ვინ იფიქრებდა და, აშშ-ევროპა, ჩვენ რომ დემოკრატიული იდეების მატარებლები და დამცველები გვგონია. დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგებით მომარჯვებული ევროატლანტიკური სივრცე ფაშიზმის აღორძინებით, ახალ-ახალი ვირუსების გავრცელებით იბრძვის საკუთარი მორყეული პოზიციების განსამტკიცებლად.

ამ ბრძოლის უპირველესი მიზანი ისტორიული მტერი რუსეთია, რომლის დაჩოქების შემდეგ ჩინეთზე გადავა, პარალელურად იმ ქვეყნების განადგურებაზე, რომლებიც ისე არ აზროვნებენ, როგორც აშშ-ევროპა. მაგრამ აქვს კი ამის გააზრების უნარი ოქრუაშვილს და მისთანებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან?

ცხადია – არა! ოქრუაშვილმა თავისი „დახვეწილი“ რუსულით უკვე ილაპარაკა უკრაინის ტელეჟურნალისტთან, რომელიც უმალ აიტაცეს რუსულმა ტელეარხებმა. მერე რა? მერე ის, რომ საქართველომ დიდი მინუსი ჩაიწერა რუსეთის თვალში.

ღარიბაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ რუსეთს სანქციებს არ დაუწესებდა, ოქრუაშვილის პროვოკაციული გამოხდომა არ წაადგება ჩვენს ქვეყანას.

სრულიად ვიზიარებ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გულბაათ რცხილაძის დადებით შეფასებას ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. ვიზიარებ იმასაც, რასაც ის ამბობს, რომ ეს ნაბიჯი, სხვა დადებითი ნაბიჯებით უნდა გამაგრდეს. ჩემის აზრით, მთავრობის წევრებმა მაინც წერტილი უნდა დაუსვან რუსეთის ლანძღვა-გინებას. ამ საქმეში ისინი ვერასდროს აჯობებენ ოპოზიციას, ხოლო საქართველოს სამომავლო საქმეს გააფუჭებენ.

ხელისუფლებამ მკაცრი გაფრთხილება უნდა მისცეს იმ საკაბელო ტელეოპერატორებს, ვინც ვოლუნტარისტულად გაუთიშა რუსული ტელეარხები მომხმარებლებს. ხელისუფლებამ უნდა ალაგმოს უკრაინული დროშების ფრიალი და მისცეს საშუალება იმათ, ვინც ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის მოსახლეობას

ხელისუფლებამ ყური უნდა აუწიოს სასტუმროებისა და რესტორნების მეპატრონეებს იმ უწმაწური წარწერების გაკეთებისთვის, რუს ტურისტებს რომ შეურაცხყოფას აყენებს და არა მარტო მათ, არამედ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც თვალწინ უფრიალებენ უწმაწურ წარწერებს — „რუსკიე, იდიტე ნა ხ..ი“.

ჩვენ აინუნშიც არ ვაგდებთ უმნიშვნელოვანეს ჭეშმარიტებას, რომ საქართველო ტურიზმით ცხოვრობს. გავუშვებთ რუსს „ნა ხ..ი“ და ჩვენც იმავე გზას დავადგებით, ვინაიდან აქ ჩამოსული რუსი ტურისტები 3-ჯერ და 4-ჯერ აჭარბებენ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებს. გავუშვებთ რუსებს „ნა ხ..ი“ და შეგვეზღუდება ექსპორტი რუსეთში. ზოგი ტვინგაყინული ქართველი მოგვიწოდებს არ შევიძინოთ რუსული პროდუქცია და ამით დავარტყათ რუსეთის ეკონომიკას. და მერე რა? ეს დარტყმა ხომ ბუმერანგივით დაგვიბრუნდება — არაფრის მწარმოებელ და მხოლოდ მომნელებელ საქართველოს?

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი